ოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის რუბინთან კონტრაქტი გაწყვიტა

საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის “რუბინთან” კონტრაქტი გაწყვიტა.

თავდაპირველად, იტალიურ მედიაში “დინამო ბათუმის” სპორტული დირექტორის, ლადო დვალიშვილის ინტერვიუ გავრცელდა, სადაც მან თქვა, რომ 21 წლის შემტევი აჭარულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მოგვიანებით კი რუსულმა Championat.com-მა გაავრცელა რუსული კლუბის წარმომადგენლების სიტყვები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენლებთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად, კონტრაქტი გაწყდა.

ამჟამინდელი ინფორმაციით, კვარაცხელია “დინამო ბათუმში” 3-თვიან კონტრაქტს გააფორმებს და საქართველოს მოქმედი ჩემპიონს ზაფხულში დატოვებს, თუმცა შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ კვარაცხელიას ევროპაში ტრანსფერის შემთხვევაში, ფინანსური სარგებელი ქართულმა გუნდმა მიიღოს.

უკანასკნელად გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ქართველი ფეხბურთელის დამატება იტალიურ “ნაპოლის” და ლონდონის “არსენალს” სურთ.

 

ოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის რუბინთან კონტრაქტი გაწყვიტა

სტატიის ავტორი
-