ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი 2023 – ყველაფერი მუნდიალის შესახებ

2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, 20 ივლისს აიღებს სტარტს და 20 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. მუნდიალის გახსნით შეხვედრაში, თანამასპინძელი ახალი ზელანდიისა და ნორვეგიის დაპირისპირება შედგება.

ორგანიზატორების ვარაუდით, 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი წინამორბედებისგან მკვეთრად გამორჩეული და ყველაზე პომპეზური იქნება. მუნდიალს ოკეანეთის ქვეყნები ავსტრალია და ახალი ზელანდია უმასპინძლებენ – გახსნითი მატჩი 20 ივლისს, ხოლო ფინალი ზუსტად 1 თვის შემდეგ, 20 აგვისტოს გაიმართება. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, მუნდიალის მატჩებზე დასასწრებად, მილიონზე მეტი ბილეთია გაყიდული, რაც ადასტურებს, რომ ეს იქნება ყველაზე დასწრებადი ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი აშშ E-ჯგუფში ნიდერლანდების, პორტუგალიისა და ვიეტნამის წინააღმდეგ იასპარეზებს. ევროპის ჩემპიონი ინგლისი კი D-ჯგუფში ჩინეთის, დანიისა და ჰაიტის დამარცხებას შეეცდება.

საკონტინენტთაშორისო პლეი-ოფი თებერვალში დასრულდა, რის შედეგადაც მუნდიალზე გასული საბოლოო 3 ნაკრები გახდა ცნობილი – კვოტა ჰაიტიმ, პორტუგალიამ და პანამამ შეავსეს.

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფები

A-ჯგუფი: ახალი ზელანდია, ნორვეგია, ფილიპინები, შვეიცარია.

B-ჯგუფი: ავსტრალია, კანადა, ნიგერია, ირლანდია

C-ჯგუფი: კოსტა რიკა, იაპონია, ესპანეთი, ზამბია

D-ჯგუფი: ჩინეთი, დანია, ინგლისი, ჰაიტი

E-ჯგუფი: ნიდერლანდები, პორტუგალია, აშშ, ვიეტნამი

F-ჯგუფი: ბრაზილია, საფრანგეთი, იამაიკა, პანამა

G-ჯგუფი: არგენტინა, იტალია, სამხრეთ აფრიკა, შვედეთი

H-ჯგუფი: კოლუმბია, გერმანია, სამხრეთ კორეა, მაროკო


ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი 2023 - ყველაფერი მუნდიალის შესახებ 1

5 გამორჩეული მოთამაშე, რომელიც მუნდიალზე იასპარეზებს

შინედ ფარელი (ირლანდია)

ფიზიკური და ემოციური ქარტეხილების გავლის შემდეგ, შინერ ფარელის ირლანდიის ნაკრებში ხილვა შთამაგონებელია. აშშ-ში დაბადებული ფეხბურთელი, მუნდიალზე ირლანდიის ნაკრების ღირსებას დაიცავს.

ფარელი უმძიმესი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა, თუმცა, ფიზიკურ ტრავმასთან ერთად, მას მძიმე ემოციურ ფონთან გამკლავებაც მოუხდა, მას შემდეგ რაც მან და მისმა თანაგუნდელმა “პორტლენდის” ყოფილი მენეჯერი სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს.

ლინდა კაისედო (კოლუმბია)

კოლუმბიის ამომავალმა ვარსკვლავმა – ლინდა კაისედომ, უსწრაფესად მოიპოვა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტალანტის სტატუსი.

15 წლის ასაკში კაისედოს ცხოვრებაში უმძიმესი წუთები იდგა, როდესაც სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. საბედნიეროდ, მან მძიმე დაავადების დამარცხება შეძლო და ახლა მუნდიალზე კოლუმბიის ღირსებას დაიცავს.

რებეკა სკოტი (ახალი ზელანდია)

რებეკა ახალი ზელანდიის ქალთა საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული წევრია, რომელიც მესამე მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.

მის ისტორიას განსაკუთრებულს ის გარემოებაც ხდის, რომ 2021 წელს სიმსივნის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი სახეობის (ჰოჯკინის ლიმფომა) დიაგნოზი დაუსვეს. სკოტმა “ბრაიტონი” დატოვა და სამკურნალოდ ავსტრალიაში გაემგზავრა, სადაც ვერაგი დაავადება დაამარცხა.

კადიჯა შოუ (იამაიკა)

კადიჯა “ბანი” შოუ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ თავდამსხმელად ითვლება. მოულოდნელია ადამიანისგან, რომელსაც ბავშვობაში ფეხბურთის თამაშის უფლებასაც კი არ აძლევდნენ. ახალგაზრდა გოგონებს იამაიკაში საფეხბურთო პერსპექტივა პრაქტიკულად არ გააჩნდათ, ამიტომ შოუს მშობლებიც სკეპტიკურად უყურებდნენ მის გადაწყვეტილებას.

კადიჯა შოუ მხოლოდ 13 წლის იყო, როდესაც იამაიკის 15-წლამდელთა გოგონათა ნაკრებში გამოიძახეს – სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ყინულმა ლღობა.

რაფაელე სოუზა (ბრაზილია)

ბრაზილიის ქუჩებში ფეხბურთის თამაშით დაწყებული ისტორია “კოპა ამერიკა ფემინინას” ტრიუმფით გაგრძელდა. მწვერვალზე ასასვლელად, რაფაელა სოუზას ყველასგან განსხვავებული და შეიძლება ითქვას, რომ არაორდინარული გზა ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი ბრაზილიაში უსაზღვროდ პოპულარულია, 32 წლის სოუზა ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ფეხბურთის სიყვარულს პროფესიონალურ საქმიანობად აქცევდა.

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი 2023 – ყველაფერი მუნდიალის შესახებ

სტატიის ავტორი
-