საჯარიმო დარტყმები: კომპონენტი, რომელშიც რონალდუმ რეგრესი განიცადა

კრიშტიანუ რონალდუს ფენომენალურ მიღწევებსა და მის სამაგალითო შრომისმოყვარეობაზე არაერთი სტატიაა დაწერილი, ამით ვერც გაგაკვირვებთ. ერთ დროს ნიჭიერ, ამომავალ ვარსკვლავად შერაცხული ფეხბურთელისგან, საფეხბურთო სამყარომ გოლეადორი და არაერთი გუნდური თუ ინდივიდუალური ტიტულის მფლობელი მიიღო. რონალდუს დამსახურებით, ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი არაერთი ფიასკოს შემდეგ, ჯანლუიჯი ბუფონმა მას “ნამდვილი ღამის კოშმარიც” უწოდა. რონალდუს საოცარი შედეგიანობის ფონზე, ერთადერთი კომპონენტი, რომელშიც რონალდუმ არა პროგრესი, არამედ მკაფიო რეგრესი განიცადა, საჯარიმო დარტყმებია და სტატიაში სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებთ.

კორონავირუსის გამო სეზონის შეჩერებამდე, კრიშტიანუ რონალდუ შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა: პორტუგალიელმა ყველა ტურნირზე 25 გოლი გაიტანა, სერია ა-ს ბომბარდირთა დავაში მეორე პოზიციას იკავებდა (21 გოლი), თუმცა საჯარიმო დარტყმიდან მას არცერთი გოლი არ გაუტანია.

მეტსაც გეტყვით: “იუვენტუსში” გადასვლის შემდეგ, პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს, ოფიციალურ მატჩში, საჯარიმო დარტყმით გოლი გატანილი არ აქვს, ამისთვის კი მას შანსი 40-ჯერ ჰქონდა: კრიშტიანუს დარტყმული ბურთი 25-ჯერ ცოცხალ კედელს მოხვდა, ერთხელ ხარიხას, 11-ჯერ მეკარემ მოიგერია, 3 კი საერთოდ მიზანს ასცდა. “იუვენტუსის” მაისურით რონალდუს გოლი საჯარიმოდან მხოლოდ ერთხელ, “ინტერთან” აქვს გატანილი, თუმცა ეს წინასასეზონო მატჩი იყო და შესაბამისად, ოფიციალურ სტატისტიკაში ვერ შევიტანთ.

საჯარიმო დარტყმები: კომპონენტი, რომელშიც რონალდუმ რეგრესი განიცადა 1

54 გოლი 18 წელიწადში

თავისი კარიერის განმავლობაში, პორტუგალიელმა საჯარიმო დარტყმების მაღალ დონეზე შემსრულებლის სტატუსი დაიმსახურა. ნაკრებსა და სხვადასხვა გუნდებში, მას 54 ჯარიმა აქვს გატანილი (საუკეთესო სეზონი რონალდუს 2009/10 წლებში ჰქონდა, როდესაც 6 გოლის გატანა იზეიმა). თუმცა, დროთა განმავლობაში, მისმა შედეგიანობამ საგრძნობლად იკლო.

გუნდისაჯარიმოდან გატანილი გოლი
სპორტინგი (2002-03)0
მანჩესტერ იუნაიტედი (2003-09)13
მადრიდის რეალი (2009-18)32
იუვენტუსი (2018-დღემდე)0
პორტუგალია (2003-დღემდე)9

საჯარიმო დარტყმები: კომპონენტი, რომელშიც რონალდუმ რეგრესი განიცადა 2

აღზევება და დაცემა

“მანჩესტერში” საუკეთესო ფორმაში ყოფნისას და ასევე, მადრიდული კარიერის პირველ ეტაპზე, კრიშტიანუ საჯარიმო დარტყმებიდან იმდენად ბევრ და ამასთან ერთად, გასაოცარი სილამაზის გოლებს იტანდა, რომ მას ყველა რეკორდის დამხობას უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

პორტუგალიელი იხსენებს, რომ ამ პრობლემასთან დაკავშირებით, ერთხელ რაფაელ ბენიტესმა იგი თავის კაბინეტში დაიბარა და ტექნიკის გაუმჯობესების აუცილებლობაზე ელაპარაკა. “მან მე USB დისკი გადმომცა, სადაც ჩაწერილი იყო ვიდეოები, თუ როგორ უნდა შემესრულებინა უკეთესად საჯარიმო დარტყმები,” იხსენებს რონალდუ. ესპანური მედიის ცნობით, გაბრაზებულმა რონალდუმ კარი გამოიჯახუნა და თქვა: “გადაეცით ბენიტესს, რომ ჩემი გოლების ვიდეოკოლაჟს გავუგზავნი.”

გარეთ ბეილი, ხამეს როდრიგესი, ტონი კროოსი, ხაბი ალონსო, სერხიო რამოსი – “რეალში” საჯარიმოს არაერთი კარგი შემსრულებელი ფეხბურთელი თამაშობდა, თუმცა რონალდუ პოზიციას არ თმობდა. მეტიც, ტურინში გადასვლის შემდეგ, მან პირალემ პიანიჩის პოზიციაც დაისაკუთრა, თუმცა როგორც სტატისტიკა ცხადყოფს, უშედეგოდ.

სეზონიგუნდიგოლი საჯარიმო დარტყმიდან
2009-10მადრიდის რეალი6
2010-11მადრიდის რეალი5
2011-12მადრიდის რეალი4
2012-13მადრიდის რეალი3
2013-14მადრიდის რეალი5
2014-15მადრიდის რეალი2
2015-16მადრიდის რეალი3
2016-17მადრიდის რეალი3
2017-18მადრიდის რეალი1
2018-19იუვენტუსი0
2019-20იუვენტუსი0

რეგრესის მიზეზი – ტრავმა?

დაახლოებით 2011 წელს, პორტუგალიელმა დარტყმის ტექნიკა გარკვეულწილად შეცვალა: მანამდე რონალდუ უძლიერეს დარტყმაზე აკეთებდა აქცენტს, რომლის ტრაექტორიის განსაზღვრაც მეკარისთვის ურთულეს ამოცანას წარმოადგენდა: ბურთი ჰაერში მიმართულებას მინიმუმ ერთჯერ მაინც იცვლიდა.

2011 წლიდან, რონალდუს დარტყმები, უმეტესწილად, არა განუსაზღვრელი ტრაექტორიით, არამედ უფრო ზუსტი, კონკრეტული წერტილისკენ მიდიოდა. თუმცა ამ ცვლილებას პრობლემა არ მოჰყოლია: Eurosport France-ის ანალიტიკოსების მოსაზრებით, პრობლემებმა 2014 წელს, ტრავმების შედეგად იჩინეს თავი. ამ პერიოდში, რონალდუს მარცხენა ბარძაყის კუნთი და მუხლი ჰქონდა დაზიანებული.

რამდენად მართალია მათი მოსაზრება, საკამათო საკითხია, თუმცა ერთი რამ ცხადია – საჯარიმო დარტყმებში რონალდუს რეგრესი სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა.

რონალდუ Vs. მესი – პაექრობა ამ კომპონენტშიც

სტატიის ბოლოს, რონალდუსა და მესის სამარადისო პაექრობასაც შევეხოთ: წლების წინ, შედეგიანი საჯარიმო დარტყმების სტატისტიკაში რონალდუ გაცილებით წინ იყო, თუმცა ბოლო 10 წლის მანძილზე, მესის ანგარიშზე 43 გოლია, რასაც წინა ათწლეულიდან, კიდევ 9 გოლი ემატება.

შედეგად, პორტუგალიელს საჯარიმო დარტყმებიდან მეტოქის კარი 54-ჯერ, ხოლო მესის კი, 52-ჯერ აქვთ აღებული და საინტერესოა, რით დასრულდება მათი პაექრობა ამ კომპონტენტში.

საჯარიმო დარტყმები: კომპონენტი, რომელშიც რონალდუმ რეგრესი განიცადა

სტატიის ავტორი
-