კროოსი: ,,საუკეთესო მწვრთნელის არჩევა რომ მომიწიოს, გვარდიოლას დავასახელებდი”

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის ,,რეალისა” ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, ,,მანჩესტერ სიტის” მთავარ მწვრთნელზე, პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა. კროოსსა და გვარდიოლას ერთად მუშაობა მიუნხენის ,,ბაიერნში” 2013-2014 წლების სეზონში მოუწიათ.

,,გვარდიოლა ბოლო დღემდე იბრძოდა იმისთვის, რომ ,,ბაიერნში” დავრჩენილიყავი. საუკეთესო მწვრთნელის არჩევა რომ მომიწიოს, სწორედ მას დავასახელებდი. მისი ხელმძღვანელობით თამაში ძალიან მსიამოვნებდა, მისგან ბევრი ვისწავლე და ეს წინსვლაში დამეხმარა. თუმცა, შემდეგ უნდა გადამეწყვიტა, გამეფორმებინა თუ არა ახალი, 5-წლიანი კონტრაქტი, თანაც, ვიცოდი, რომ გვარდიოლას გუნდის დატოვება უფრო ადრე შეეძლო. ეს რთული გადაწყვეტილება იყო.

საბოლოოდ, კლუბთან ახალ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ვფიქრობდი, რომ ხელფასი, რომელიც მინდოდა, დამსახურებული იყო, ისინი კი ამას სხვაგვარად უყურებდნენ. მათ გადახდა არ უნდოდათ, ამიტომ წასვლა ვარჩიე,” – კროოსის სიტყვებს Marca ციტირებს.

ტონი კროოსი ,,ბაიერნში” 2007-2014 წლებში თამაშობდა (გერმანელმა ერთი სეზონი იჯარით ,,ლევერკუზენში” გაატარა). ნახევარმცველმა ,,რეკორდმაისტერთან” ერთად ბუნდესლიგა (სამჯერ) გერმანიის თასი (ორჯერ), სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

კროოსი: ,,საუკეთესო მწვრთნელის არჩევა რომ მომიწიოს, გვარდიოლას დავასახელებდი”

სტატიის ავტორი
-