რუსეთმა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი გააკეთა

1 თვე გადის იმ დღიდან, როდესაც რუსეთმა უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაცია”, უფრო მართებული შეფასებით კი, ომი წამოიწყო. სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეჭრის, უდანაშაულო ადამიანების დახოცვისა და სხვა საერთაშორისო სამართლის წესების დარღვევის ფონზე, დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, რომელსაც სპორტული სამყაროც შეუერთდა – მაგალითისთვის ისიც საკმარისია, რომ რუსეთში F1-ის გრან პრი და ჩემპიონთა ლიგის ფინალი აღარ ჩატარდება.

და სწორედ ასეთ დროს, ამ და სხვა მოვლენების პარალელურად, რუსეთმა ევრო 2028-ის ან 2032-ის მასპინძლობის სურვილი გამოთქვა.

“ჩვენი სურვილია, ევრო 2028 ან ევრო 2032 რუსეთში გაიმართოს, განაცხადს დღეს ვაგზავნით. გარწმუნებთ, რომ რუსეთი მსხვილმასშტაბიანი ტურნირის ჩატარებისთვის სრულ მზადყოფნაშია”, – ამბობენ რუსეთის ფეხბურთის ფედერაციაში.

უკრაინაში შეჭრის ფონზე, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე რუსეთის სურვილს ბევრი მოწინააღმდეგე ეყოლება და დიდი ალბათობით, განაცხადი განაცხადად დარჩება. პოლონეთმა, შვედეთმა და ჩეხეთმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებს რუსეთთან ნეიტრალურ სტადიონზეც კი არ ჩაატარებდნენ – მალევე ფიფა-მ რუსეთი მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთა.

2028 და 2032 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე სურვილს, შესაბამისად, დიდი ბრიტანეთი და იტალია გამოთქვამენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2018 წელს, რუსეთმა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. ფინალური მატჩი “ლუჟნიკის” სტადიონზე გაიმართა – სწორედ ამ სტადიონზე შეიკრიბა გასულ კვირას ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი საზოგადოება.

რუსეთმა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი გააკეთა

სტატიის ავტორი
-