ვის რჩება მოგებული მსოფლიო ჩემპიონატის თასი?

მთავარი ჯილდო, რომლისთვისაც ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე, პირველივე დღიდან, 32 გუნდი იბრძოდა, გამარჯვებულ გუნდს სამუდამოდ არ გადაეცემა. თითქოს უცნაური, მაგრამ საინტერესო ამბავის შესახებ მოგიყვებით.

4 წელიწადში ერთხელ, ფეხბურთის მოყვარულები მსოფლიო ფორუმისთვის ემზადებიან – ტურნირი, რომელიც ყველა კონტინენტს აერთიანებს და გულშემატკივარის მოგონებებში განსაკუთრებულ მოგონებებს ტოვებს.

სუპერპოპულარული ტურნირის მოგება დღემდე 8 ქვეყანამ შეძლო: ბრაზილია (5), გერმანია (4), იტალია (4), საფრანგეთი (2), არგენტინა (2), ურუგვაი (2), ესპანეთი (1) და ინგლისი (1).

მივიწყებული ფაქტია, რომ ერთადერთი გუნდი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის თასი სამშობლოში წაიღო, ბრაზილიაა – ეს 1970 წელს, მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე ტრიუმფის შემდეგ მოხდა.

ვის რჩება მოგებული მსოფლიო ჩემპიონატის თასი? 1

ჟიულ რიმეს თასის ისტორია

ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ნაკრების ჯილდოს 1930-70 წლებში ჟიულ რიმეს თასი ეწოდებოდა. თასზე გამარჯვების ქალღმერთი, ნიკე იყო გამოსახული.

პირველად თასი 1966 წლის 20 მარტს, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 4 თვით ადრე მოიპარეს. სკოტლანდ იარდის დეტექტივებმა თასი ძაღლის, სახელად პიკლზის დახმარებით, გაზეთში გახვეული იპოვეს.

1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ, ბრაზილიის ნაკრები გახდა პირველი გუნდი ისტორიაში, რომელიც მსოფლიო პირველობას მესამედ დაეუფლა. შედეგად, გუნდმა მიიღო უფლება, რომ თასი ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის კაბინეტში, ტყვიაგაუმტარი მინის მიღმა, სამუდამოდ მოთავსებულიყო.

ვის რჩება მოგებული მსოფლიო ჩემპიონატის თასი? 2

თუმცა მოვლენები მოულოდნელად განვითარდა: 1983 წლის 20 დეკემბერს, თასი ხელმეორედ, სწორედ ამ კაბინეტიდან მოიპარეს. ქურდის კვალს ვერავინ მიაგნო. გავრცელებული ვერსიით, მსოფლიო ჩემპიონატის თასი მალევე გადაადნეს.

მსოფლიო ჩემპიონატის თასი

1970 წლის შემდეგ, ჟიულ რიმეს თასი გამარჯვებულ გუნდს აღარ გადასცემია – იგი ფიფა-ს მსოფლიო თასმა შეცვალა.

ახალი თასის შექმნის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იყო: ფიფა-ს ექსპერტებმა 53 მოდელი განიხილეს და საბოლოოდ, არჩევანი იტალიელი სილვიო გაზანიგას ვერსიაზე შეჩერდა, რომელმაც შექმნა გლობუსის ხელში დამჭერი ორი ადამიანის ფიგურა წარმოადგინა.

ფიფა-ს წესის თანახმად, გამარჯვებული გუნდი 6-კილოგრამიან, გარდამავალ ოქროს თასს სამშობლოში მხოლოდ მორიგ მსოფლიო ჩემპიონატამდე წაიღებდა.

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ სამ ადგილზე გასული გუნდის წევრები (ფეხბურთელები და მწვრთნელები) შემდეგი მედლებით ჯილდოვდებიან: ოქრო (გამარჯვებულები), ვერცხლი (ფინალისტები) და ბრინჯაო (მესამეადგილოსნები).

ასევე იხილეთ: რომარიო: წერილი ნეიმარს

ვის რჩება მოგებული მსოფლიო ჩემპიონატის თასი?

სტატიის ავტორი
-