საზონოვი: ,,ჩემთვის საქართველო დედაა, რუსეთი კი – მამა, მშობლებს არ ირჩევენ”

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის ,,დინამოს” მცველმა, საბა საზონოვმა, sport24.ru-სთან, რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა:

sport24: სექტემბერში საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტე, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მანამდე ნათქვამი გქონდა, რომ შენთვის პრიორიტეტი რუსეთი იყო. რატომ გააკეთე ასეთი არჩევანი?

საზონოვი: არჩევანი ოჯახთან ერთად გავაკეთე. არა მგონია, ეს სწორი კითხვა იყოს. ფაქტი ერთია – ორი სამშობლო მაქვს და ბავშვობიდან ორმაგი მოქალაქეობით ვსარგებლობ. ჩემთვის საქართველო დედაა, რუსეთი კი – მამა, მშობლებს კი არ ირჩევენ.

sport24: მაგრამ შენ მოგიწია…

საზონოვი: ორივე მხარე დამიკავშირდა, ბევრი გარემოება იყო. ახლა არჩევანი უკვე გაკეთებულია.

sport24: როდესაც ხვიჩამ 24 თებერვლის შემდეგ რუსეთში თამაში გააგრძელა, საქართველოდან ბევრ მუქარას იღებდა, მამამისს მანქანაც დაუმტვრიეს. შენ შეგემთხვა მსგავსი რამ?

საზონოვი: დინამოში თამაშის გამო, სიძულვილი არ მიგრძვნია. პირიქით, მხოლოდ დადებით კომენტარებს ვხვდები. საქართველოდან მომწერეს, რომ ჩემი ნაკრებში თამაშით მოხარულნი არიან. ვიმეორებ, ორი სამშობლო მაქვს. თავდაპირველად ბევრი კითხვა არასწორად იყო დასმული. მთელი ცხოვრება ორმაგი მოქალაქეობა მქონდა და არ შემიცვლია. როცა ამბობენ, რომ ორი სამშობლო არ არსებობს, ასე არ არის. ამის ცოცხალი მაგალითი მე ვარ.

sport24: ხვიჩასთან ამ თემაზე ისაუბრე?

საზონოვი: რა აზრი აქვს? საქართველოს ნაკრებში როცა შევხვდით, ფეხბურთზე ვილაპარაკეთ. გავიხსენეთ ის დრო, როცა მე ჯერ კიდევ ,,ზენიტში” ვიყავი, ის კი – ,,რუბინში”. ხვიჩას გაუკვირდა ქართული რომ ვიცოდი. ,,შენ ხომ საზონოვი ხარ?” მე კი ვპასუხობ: ,,კი, მაგრამ საბა მქვია!” აი, ეს საუბარი გაიხსენა.

sport24: გიკვირს როგორ თამაშობს ხვიჩა იტალიაში?

საზონოვი: შთამაგონებელია… მისი ასეთი თამაში მახარებს. თუმცა, ევროპის ჩემპიონატებში სხვა ბიჭებიც არიან, რომლებიც ასევე მაგრად თამაშობენ. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ახლა საქართველოს კარგი თაობა ჰყავს, როგორც ეროვნულ, ასევე ასაკობრივ ნაკრებებში. შეგვიძლია, რომ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მედლებისთვის ვიბრძოლოთ. ტურნირი საქართველოში გაიმართება და ეს დიდი პლუსია. უნდა ნახოთ, როგორ დადიან ნაკრების თამაშებზე – სტადიონი სულ სავსეა, არცერთი თავისუფალი ადგილი. რა თქმა უნდა, ასეთ გარემოში თამაში გაცილებით სასიამოვნოა.

sport24: საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი როგორ მოგწონს?

საზონოვი: სანიოლი ნამდვილი ფრანგია: პოზიტიური, მშვიდი, გამოცდილი. მისი ინტელექტი იგრძნობა. მას ასეთი სტილი აქვს: ,,ვთამაშობთ და ბურთის მოგერიებაზე არ ვართ!”

საბა საზონოვის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გასული წლის 17 ნოემბერს, მაროკოსთან ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. მას შემდეგ 21 წლის ფეხბურთელი მონღოლეთთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო, ნორვეგიასთან მატჩში კი სათადარიგოთა სკამზე.

საზონოვი: ,,ჩემთვის საქართველო დედაა, რუსეთი კი – მამა, მშობლებს არ ირჩევენ”

სტატიის ავტორი
-