ზლატანი: “სერია A-ს მოსაგებად, ბოლო 6 თვე ტკივილგამაყუჩებლებს ვიღებდი”

11 წლის შემდეგ, მილანმა სერია A პირველად მოიგო. ტრიუმფამდე სვლის ერთ-ერთი მთავარი, მამოძრავებელი ძალა ზლატან იბრამივიჩი გახლდათ. თუმცა შვედი ფეხბურთელის თქმით, მიზნამდე სვლა ძალიან მტკივნეული იყო.

No pain, no gain – ტკივილის გარეშე შედეგს ვერ მიაღწევ. შვედმა თავდამსხმელმა სოციალურ მედიაში გაამხილა, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, მარცხენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგის გარეშე ითამაშა.

“გავიკეთე 20-ზე მეტი ინექცია.

მუხლს კვირაში ერთხელ ვისუფთავებდი.

ყოველდღე ტკივილგამაყუჩებლებს ვიღებდი.

ტკივილი ღამით არ მაძინებდა.

მოედანზე და მის მიღმა – ამდენი არასოდეს მიწვალია.

გავაკეთე შეუძლებელი, რომ შესაძლებელისთვის მიმეღწია.

გონებაში მხოლოდ ერთი ამოცანა მქონდა: ჩემი მწვრთნელი და თანაგუნდელები იტალიის ჩემპიონები უნდა გამხდარიყვნენ – ეს კი იმიტომ, რომ პირობა შემესრულებინა”, – აღნიშნა ზლატანმა Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.


სკუდეტოს მოგების შემდეგ, იბრაჰიმოვიჩი ლიონში გადაფრინდა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. “მილანის” განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ქირურგიული ჩარევა წარმატებით განხორციელდა და რომ ზლატანს რეაბილიტაციისთვის 7-8 თვე დასჭირდება.

იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას განცხადებით, მძიმე ტრავმის და ხანგრძლივი აღდგენითი პროცესის მიუხედავად, ზლატან იბრაჰიმოვიჩი იტალიურ გუნდში კიდევ ერთი წლით დარჩება. მისივე თქმით, მხარეები უკვე კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდნენ – 40 წლის ფეხბურთელის ანაზღაურება 2.5 მილიონი ევრო იქნება.

ზლატანი: "სერია A-ს მოსაგებად, ბოლო 6 თვე ტკივილგამაყუჩებლებს ვიღებდი" 1

მილანი, იტალია, 23 მაისი: ზლატანი და მისი თანაგუნდელები სკუდეტოს მოგებას გულშემატკივრებთან ერთად ზეიმობენ. მძიმე ტრავმის მიუხედავად, ზლატანმა სერია A-ში 23 მატჩი ჩაატარა, სადაც მან 8 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.


ასევე იხილეთ: გზა გაბანკროტების საფრთხიდან ჩემპიონობამდე | მილანის ჩემპიონობის მიღმა დამალული დეტალები

ზლატანი: “სერია A-ს მოსაგებად, ბოლო 6 თვე ტკივილგამაყუჩებლებს ვიღებდი”

სტატიის ავტორი
-