NBA-მ სავალდებულო ვაქცინაცია გააუქმა!

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2022/23 წლების სეზონში, კორონავირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაცია გაუქმდა. აღნიშნულ ინფორმაციას პრაქტიკულად ყველა გავლენიანი ამერიკული მედია საშუალება ავრცელებს.

წყაროს მტკიცებით, NBA-ს 2022/23 წლების სეზონში, მოთამაშეები სავალდებულო ვაქცინაციისაგან გათავისუფლდნენ თუმცა, ლიგის რეკომენდაციით აცრა სრულად ჩაუტარდება ყველა თანამშრომელს. რეკომენდაციის თანახმად, არავაქცინირებული კალათბურთელები დროდადრო ტესტს გაიკეთებენ.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეები გარკვეულ პრობლემებსა და შეზრუდვებს გასულ სეზონში წააწყდნენ. მიუხედავად იმისა, რომ NBA-ს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, მოთამაშეები აუცილებელი ვაქცინაციისაგან გათავისუფლდნენ, სხვადასხვა შტატსა და ქალაქში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებდა, რის გამოც კონკრეტულმა მოთამაშეებმა რეგულარული სეზონისა და პლეი-ოფის მატჩები გამოტოვეს. კალათბურთელთა უმრავლესობამ ვაქცინაცია ამჯობინა – ლიგის წარმომადგენელთა მტკიცებით, მოთამაშეთა 95%-მა ვაქცინაცია ჩაიტარა. თანხმობა განაცხადა “გოლდენ სტეიტის” ფორვარდმა ენდრიუ ვიგინსმაც, რათა საშინაო “ბეი არენაზე” თამაშის შესაძლებლობა მიეღო.


NBA-მ სავალდებულო ვაქცინაცია გააუქმა! 1


პრობლემებს წააწყდა “ფილადელფიას” მატის ტიბული, რომელმაც პლეი-ოფში, “ტორონტოს” წინააღმდეგ გამართული მე-3, მე-4 და მე-6 მატჩი გამოტოვა. კალათბურთელმა ვაქცინაციაზე უარი განაცხადა, კანადის ხელისუფლებამ კი არავაქცინირებული მოთამაშე ქვეყანაში არ შეუშვა. და რა თმა უნდა, ცალკე აღნიშვნის ღირსია კაირი ირვინგი, რომელმაც ვაქცინის გაკეთებაზე კატეგორიული უარი განაცხადა და რეგულარულ სეზონში “ბრუკლინ ნეტსის” რიგებში ვერ იასპარეზა.

აშშ-ს შტატების უმრავლესობაში სავალდებულო ვაქცინაცია ასევე გაუქმდა. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ მოთამაშეთა 95% ვაქცინირებულია, კალათბურთელებს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე გამართულ მატჩებში მონაწილეობის მიღება თავისუფლად შეეძლებათ. ერთადერთი გამონაკლისი “ტორონტო რეპტორსია”, რადგან კანადის ხელისუფლებას ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაცია ჯერ კიდევ არ აქვს გაუქმებული – შესაბამისად, არავაქცინირებული მოთამაშეები კანადაში შესვლას ვერ შეძლებენ.

 

NBA-მ სავალდებულო ვაქცინაცია გააუქმა!

სტატიის ავტორი
-