NBA-ს ჩამქრალი ვარსკვლავი იუბილარია

“მინესოტა ტიმბერვულვზის” პოინტ გარდი, დერიკ როუზი იუბილარია. ერთ დროს, NBA-ს ყველაზე იმედისმომცემ ტალანტს, რომელსაც ბრწყინვალე კარიერის პერსპექტივა ჰქონდა 30 წელი შეუსრულდა. დერიკ როუზი NBA-ში მე-11 სეზონის დასაწყებად ემზადება და იმედს გამოთქვამს, რომ ოპტიმალურ ფორმას აღიდგენს.

NBA-ს 2010/2011 წლების სეზონი დერიკ როუზისათვის ტრიუმფალური გამოდგა. რეგულარული სეზონის MVP-ის ტიტულის მოპოვების შემდეგ, როუზს ბრწყინვალე კარიერასა და არაერთ ტიტულს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი კალათბურთელისათვის მოვლენები ყველაზე უარესი სცენარით განვითარდა.

“ჩიკაგო ბულსის” ამომავალი ვარსკვლავის კარიერა ტრავმების გამო თანდათან გაფერმკრთალდა, რაზეც თუნდაც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ უკანასკნელად All-Star-ის შეხვედრაში, როუზმა მონაწილეობა 2012 წელს მიიღო. დერიკ როუზის ბრწყინვალე კარიერის სტარტზე უამრავი დაბრკოლება აღმოჩნდა, რომელსაც უიღბლობათა კასკადი მიჰყვა და ვარსკვლავის დაღმასვლა განაპირობა.

ჩიკაგოდან – ნიუ იორკში, ნიუ იორკიდან – კლივლენდში, კლივლენდიდან – მინეაპოლისში… წლების მატებასთან ერთად, როუზი ფორმის აღდგენის იმედს ებღაუჭება. პირველად, უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე, დერიკ როუზმა პრე-სეზონი ტრავმის გარეშე დაიწყო და “მინესოტა ტიმბერვულვზის” რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრაც ჩაატარა.

“ჩემს ადგილას უამრავი ადამიანი განსხვავებულად მოიქცეოდა. ბევრი დანებდებოდა და კარიერას დაასრულებდა. NBA-ში მე-11 სეზონის დასაწყებად ვემზადები. ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ და ნებისმიერ შანსს ჩავეჭიდები რათა კვლავ დავიბრუნო ოპტიმალური ფორმა არ არსებობს დაბრკოლება, რომელიც შემაჩერებს დასახული მიზნის მიღწევაში”, – აღნიშნა დერიკ როუზმა.

NBA-ს ჩამქრალი ვარსკვლავი იუბილარია

სტატიის ავტორი
-