პაატა გურასპაული: “ნაკრებს დახმარება სჭირდება, როგორც აქამდე არასდროს!”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში პირველი მატჩი ბელგიასთან გამართა და ოვერტაიმში ანგარიშით 79:76 დამარცხდა. პირველი ოვერტაიმის დასრულებამდე 3 წამით ადრე, ბელგიელმა ჯონათან ტაბუმ ზუსტი 3-ქულიანი ისროლა. სამწუხაროდ, გათანაბრების მიზნით, დუდა სანაძის მიერ ნასროლი ბურთი კალათში არ ჩავარდა.

არასასურველ ანგარიშთან ერთად, შეხვედრაში უაღრესად ნეგატიური ფაქტი დაფიქსირდა: ფეხზე მიღებული ტრავმის გამო, პარკეტი ნაადრევად დატოვა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, გოგა ბითაძემ. ტრავმის სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია და უახლოეს პერიოდში გავიგებთ, მიიღებს თუ არა “ინდიანას” ცენტრი მომდევნო მატჩში მონაწილეობას.

ბელგიასთან მარცხის, ბითაძის ტრავმის და მხრის მოტეხილობის გამო ტურნირს მიღმა დარჩენილი თორნიკე შენგელიას ფონზე, შეხვედრის დასრულების შემდეგ, მატჩის ერთ-ერთმა კომენტატორმა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა, მაყურებელს ემოციური სიტყვებით მიმართა:

მოდით, როცა გვიჭირს, მაშინ გვჭირდება დახმარება. ნაკრებს დახმარება სჭირდება მაშინ, როცა აღარ გვყავს თოკო, ტრავმირებულია ბითაძე…

არ შეგაშინოთ ამ წაგებამ. დამიჯერეთ, წინ 4 შეხვედრაა და ჩვენ ყველასთან შეგვიძლია თამაში. ასე რომ, არ ჩამოვყაროთ ყურები, მხარი დავუჭიროთ ჩვენს ნაკრებს, გვერდში დავუდგეთ, იმიტომ რომ ეს ყველაზე მეტად ახლა გვჭირდება.

ძვირფასო გულშემატკივრებო, თქვენ იცით, როგორია მხარში დგომა. მოდით და მხარი დაგვიჭირეთ, მხარი დაუჭირეთ ბიჭებს, ძალიან გთხოვთ ყველას, როგორც აქამდე არასდროს”, – თქვა გურასპაულმა.


პაატა გურასპაული: "ნაკრებს დახმარება სჭირდება, როგორც აქამდე არასდროს!" 1
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ორმაგი დუბლით სანდრო მამუკელაშვილი გამოირჩა, რომელმაც 40 წუთში 18 ქულა, 13 მოხსნა, 2 დაფარება და 2 ასისტი მოაგროვა. 17 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა, 3 მოხსნა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა იყო თად მაკფადენის ანგარიშზე. ბელგიას 14 ქულით, 5 მოხსნითა და 2 პასით ჯონათან ტაბუმ ულიდერა. 14 ქულას, 3 მოხსნასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი ჟან-მარკ მვემამ.

შეგახსენებთ, მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 3 სექტემბერს, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს, რომელსაც ტრავმის გამო, წამყვანი მოთამაშე, სერხიო ლული გამოაკლდა. შეხვედრა 21:00-ზე, “თბილისი არენაზე” აიღებს სტარტს.

პაატა გურასპაული: “ნაკრებს დახმარება სჭირდება, როგორც აქამდე არასდროს!”

სტატიის ავტორი
-