ზუროსი შენგელიაზე: ,,არ მჯერა, რომ მსოფლიოში ბევრი ისეთი კალათბურთელია, რომელიც თავისი ქვეყნისთვის ამდენს გააკეთებდა”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა, ისლანდიასთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,პირველ ყოვლისა, მინდა, ვთქვა, რომ გუნდში ყველას ესმის, რას ნიშნავს ეს თამაში. ჩვენ ამისთვის დიდი ხანია ვიბრძვით, ვცდილობთ, ამ შეხვედრისთვის მოვემზადოთ. გვაქვს შანსი, სახლში ვთამაშობთ… ეს გადამწყვეტი მატჩია, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად გავიდეთ. საკუთარი მოთამაშეების გვჯერა.

სიმართლე გითხრათ, რთული პერიოდი გვქონდა, შერმადინმა და შენგელიამ გასულ კვირას თასის ფინალებში ითამაშეს. ჩვენი მატჩიდან რამდენიმე საათში თორნიკე შენგელიამ ,,ვირტუსთან” ერთად ევროლიგაზე ითამაშა. არ მჯერა, რომ მსოფლიოში ბევრი ისეთი კალათბურთელია, რომელიც თავისი ქვეყნისთვის ამდენს გააკეთებდა. ეს აჩვენებს თუ რამდენად უნდა ჩვენს კაპიტანს აქ ყოფნა და ნაკრებში თამაში.

რთული შეხვედრა გველის, ჩვენი მეტოქე განსაკუთრებული ნაკრებია. ისინი სწრაფად თამაშობენ და სამქულიანებს ისვრიან, ამიტომ, დაცვაში კარგად უნდა ვითამაშოთ და მეტოქეს ბევრი არ უნდა ვასროლინოთ,” – განაცხადა ზუროსმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას თბილისში, ისლანდიის წინააღმდეგ გამართავს და მოგების ან 3 ქულაზე მეტის არწაგების შემთხვევაში, ტურნირის საგზურს ისტორიაში პირველად გაიფორმებს.

ზუროსი შენგელიაზე: ,,არ მჯერა, რომ მსოფლიოში ბევრი ისეთი კალათბურთელია, რომელიც თავისი ქვეყნისთვის ამდენს გააკეთებდა”

სტატიის ავტორი
-