გია გეგუჩაძე: “ლეხს რეაბილიტაცია სურს, მაგრამ გამარჯვებული ორი მატჩის ჯამში გამოვლინდება”

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, “დინამო ბათუმი” პოლონეთის ექსტრაკლასას 2021/22 წლების სეზონის გამარჯვებულს, პოზნანისლეხს” დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების წევრების, ნიკა კვეკვესკირის და გიორგი წიტაიშვილის გუნდთან დაპირისპირებამდე, ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ მოახლოებულ უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა.

“საკმაოდ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეტაპზე ჩვენც და “ლეხიც” დავმარცხდით, ვფიქრობ, ძალიან რთული თამაში გველოდება. გამომდინარე იქიდან, რომ “ლეხი” საკმაოდ გამოცდილი და კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, გუნდურადაც ძალიან კარგად გამოიყურება.

ჩემპიონატში განვლილი პერიოდი კარგი არ იყო “ლეხისთვის” და ალბათ, მეტოქეს რეაბილიტაციაც სურს. პლუს ამას საკმაოდ დიდი სიცხე და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რთული თამაში იქნება. არ მგონია, რომ ხვალ გადაწყდეს შემდეგ ეტაპზე საბოლოოდ გამსვლელი გუნდის ბედი. ეს ალბათ ორი თამაშის ჯამში მოხდება”, – თქვა აჭარული კლუბის თავკაცმა, რომლის სიტყვებსაც შავიზღვისპირელების ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

“დინამო ბათუმისა” და პოზნანის “ლეხის” დაპირისპირება 21 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

 

გია გეგუჩაძე: “ლეხს რეაბილიტაცია სურს, მაგრამ გამარჯვებული ორი მატჩის ჯამში გამოვლინდება”

სტატიის ავტორი
-