#ტოპ11 – ლუხუმ ჩხვიმიანის 2019 წელი

#ტოპ11 – ლუხუმ ჩხვიმიანის 2019 წელი 1

ლუხუმ ჩხვიმიანი

დაბადების თარიღი: 1993 წლის 3 მაისი (26 წლის)

სიმაღლე: 1.62მ

წონა: 60კგ

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ 2019 წელი ლუხუმ ჩხვიმიანისათვის წარმატებული გამოდგა. 2019 წელს, 26 წლის ქართველმა ძიუდოისტმა 6 ტურნირზე იასპარეზა და 60კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

2019 წელს მიღწეული ტრიუმფის მიუხედავად – ლუხუმ ჩხვიმიანისათვის წელი არც ისე წარმატებულად დაიწყო. წლის პირველი ტურნირი, რომელშიც ლუხუმ ჩხვიმიანმა მიიღო მონაწილეობა დიუსელდორფში გაიმართა. 22 თებერვალს დაწყებულ დიუსელდორფის გრან-პრიზე ჩხვიმიანი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

2019 წლის 15 მარტს, ეკატერინბურგის გრან პრიზე ჩხვიმიანმა კიდევ უფრო ნეგატიური შედეგი დააფიქსირა – ქართველი ძიუდოისტი ეკატერინბურგის გრან პრიზე პრიზიორებს შორის ვერ მოხვდა.

ლუხუმ ჩხვიმიანისათვის გარდამტეხი გამოდგა თბილისის გრან პრი – 2019 წლის 29 მარტს დაწყებული თბილისის გრან პრი, 60კგ წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტის ტრიუმფით დასრულდა. სამშობლოში ლუხუმ ჩხვიმიანი ოქროს მედალოსანი გახდა.

#ტოპ11 – ლუხუმ ჩხვიმიანის 2019 წელი 2

2019 წლის 22 ივნისს, ბელორუსის დედაქალაქ მინსკში გამართული ევროპული თამაშები ასევე ლუხუმ ჩხვიმიანის ტრიუმფით დასრულდა. ძიუდოისტებისათვის ევროპული თამაშები ევროპის ჩემპიონატთან იყო გათანაბრებული – ჩხვიმიანმა პირველობა კვლავ არავის დაუთმო და ოქროს მედალთან ერთად ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

კიდევ უფრო დიდი წარმატება ლუხუმ ჩხვიმიანს წინ ელოდა – 2019 წლის, 25 აგვისტოს ტოკიოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი. ქართველი ძიუდოისტი შესანიშნავ ფორმაში მყოფი გავიდა ტურნირზე და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

#ტოპ11 – ლუხუმ ჩხვიმიანის 2019 წელი 3

 

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ლუხუმ ჩხვიმიანმა 6 ტურნირზე იასპარეზა და მხოლოდ ორში ვერ შეძლო მედლის მოპოვება. 2019 წელს, ლუხუმ ჩხვიმიანმა პირად აქტივს 3 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი შემატა. 26 წლის ქართელი ძიუდოისტი გახდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი. 2019 წლის უკანასკნელი ტურნირი, რომელშიც ჩხვიმიანმა იასპარეზა ჩინეთში გაიმართა. სამწუხაროდ ჩინეთის მასტერსზე, ქართველი ძიუდოისტი პირველივე ბრძოლაში დამარცხდა.

#ტოპ11 – ლუხუმ ჩხვიმიანის 2019 წელი 4

ძიუდოს ნაკრების ოლიმპიური თამაშებისათვის მოსამზადებელი პერიოდიდან გამომდინარე ამ წუთისათვის უცნობია თუ რომელ ტურნირზე ასპარეზობით დაიწყებს 2020 წელს ლუხუმ ჩხვიმიანი. დიდი ალბათობით, ქართველი ძიუდოისტი 2020 წლის 8-9 თებერვალს, პარიზის გრანდ სლემზე წლის პირველ ტურნირზე წარსდგება.

#ტოპ11 – ლუხუმ ჩხვიმიანის 2019 წელი

სტატიის ავტორი
-