გაგამარუმ კარიერა დაასრულა

იაპონიაში 2020 წლის უკანასკნელი სუპერტურნირი – კიუშუ ბაშო ტარდება, რომელიც ფაქტობრივად დასკვნით ფაზაში გადავიდა, ვინაიდან 15-დან 10 საბრძოლო დღე უკვე დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირში ნაცვლად ორისა მონაწილეობას იღებს მხოლოდ ერთი ქართველი – ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი, რომელსაც ამ ეტაპისათვის მოგება წაგებათა თანაბარი ბალანსი აქვს (5-5).

ქართველი გულშემატკივარისათვის სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა იაპონური სუმოს ასოციაციამ, რომელმაც ექს-კომოსუბი გაგამარუს ინტაის (კარიერის დასრულება) შესახებ გვაუწყა.

როგორც ჩანს, ხანგრძლივი ბრძოლა ტრავმის წინააღმდეგ საბოლოო მარცხით დასრულდა და თეიმურაზ ჯუღელი პროფესიონალურ სუმოს, როგორც მებრძოლი ემშვიდობება.

516 მოგებული მატჩი 15-წლიანი კარიერის მანძილზე; უმაღლესი წოდება კომოსუბი; ერთი ოქროს ვარსკვლავი, რომელიც ჰარუმაფუჯის დამარცხებით მიითვალა აქტივში; 2 სპეციალურად დაწესებული პრიზი და 2012 წლის იანვრის ბაშოს ვიცე ჩემპიონი – ასეთია ჩამონათვალი, რომელიც მოკლედ და მრავლისმომცემად აღწერს გაგამარუს მრავალწლიან კარიერას.

გვსურს, Live.ge-ის რედაქციის სახელით, მადლობა გადავუხადოთ გაგამარუს ღირსეული სპორტული კარიერისათვის და წარმატებები ვუსურვოთ სამომავლო ცხოვრებაში.

გაგამარუმ კარიერა დაასრულა

სტატიის ავტორი
-