საქართველოს წყალბურთელთა U19 ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

საქართველოს წყალბურთელთა U19 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

ახალგაზრდა წყალბურთელებმა, ბოლო ტურის შეხვედრაში, თურქეთთან ფრე (14:14) ითამაშეს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.

პირველ ადგილზე გასასვლელად, თურქეთს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა, რადგან ბურთების უკეთესი შეფარდებით, ქართველი წყალბურთელები ჯგუფს ლიდერობდნენ.

თურქეთთან შეხვედრამდე, U19 ნაკრებმა ლიეტუვას (17:7) და უკრაინის (19:8) დამარცხება შეძლო.

ევროპის ჩემპიონატი 18-25 სექტემბერს, მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში გაიმართება.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2022 წლის წყალბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ძირითადი ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს. ჩვენი მეტოქეები უნგრეთი, მონტენეგრო და ბრაზილია იქნებიან.

ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ისტორიაში პირველად მიიღებს. ტურნირს უნგრეთის დედაქალაქი, ბუდაპეშტი, 18 ინვისიდან 3 ივლისამდე უმასპინძლებს.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ ცურვის საერთაშორისო ფედერაციის (FINA) გადაწყვეტილებით, რუსეთის ნაკრების წყალბურთელები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებენ – სიმბოლურია ის ფაქტი, რომ დისკვალიფიცირებულთა ნაცვლად, ბუდაპეშტში საქართველოს ნაკრები გაემგზავრება.

საქართველოს წყალბურთელთა U19 ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

სტატიის ავტორი
-