ტოჩინოშინი: “ტრავმა ბოლომდე არ მომიშუშებია”

10 მარტს ოსაკაში ჰარუ ბაშო იწყება, რომელშიც ორივე ქართველი ფალავანი – ტოჩინოშინი და გაგამარუ, იღებს მონაწილეობას.

მოგეხსენებათ, ლევან გორგაძე ჰარუ ბაშოზე ოძეკის ტიტულის დასაცავად იბრძოლებს, ვინაიდან წინა ბაშოზე მას ავტომატურად უარყოფითი ბალანსი დაუფიქსირდა (პირველი ოთხი მარცხის შემდეგ ტოჩინოშინი ტურნირიდან მოეხსნა, შესაბამისად 0 მოგება და 15 მარცხი ჩაეთვალა) – შესაბამისად ქართველი გოლიათი კადობანშია ჩაყენებული. ტოჩინოშინის პირველი მეტოქე აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა დაიეიშო იქნება, რომელიც განვლილ ბაშოზე დასავლეთის მე-7 მაეგაშირის წოდებას ატარებდა. დაიეიშომ ჰაცუ ბაშო 9 მოგებითა და 6 მარცხით დაასრულა, რის გამოც სუმოს მამებმა იგი საგრძნობლად დააწინაურეს.

რაც შეეხება მეორე ქართველ ფალავანს, გაგამარუს, მისი პირველი მეტოქე საკმაოდ გამოცდილი, ჯურიოს დივიზიონის მე-7 საფეხურზე მყოფი სოკოკურაი იქნება, რომელმაც განვლილ ბაშოზე მინიმალური დადებითი ბალანსი დააფიქსირა.

გაგამარუ ბაშოსთვის ფაქტობრივად სრულ მზადყოფნაშია, ხოლო რაც შეეხება ტოჩინოშინს მან LIVE.GE-სთან საუბრის დროს განაცხადა, რომ ტრავმა ბოლომდე მოშუშებული არ აქვს.

“ვვარჯიშობ მთელი შემართებით, ტრავმა ბოლომდე არ მომიშუშებია, თუმცა რაც მთავარია მაქვს ბრძოლის განწყობა და მაქვს იმედი რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის”,- განაცხადა ტოჩინოშინმა.

LIVE.GE წარმატებებს უსურვებს ქართველ მებრძოლებს და ტრადიციულად შემოგთავაზებთ პირდაპირ რეპორტაჟებს ყოველ დილით 11:00 საათიდან.

 

ტოჩინოშინი: “ტრავმა ბოლომდე არ მომიშუშებია”

სტატიის ავტორი
-