ნიკოლოზ ბასილაშვილის სვლა ჰამბურგის საჩემპიონო გზაზე წარმატებით გრძელდება

გრძელდება ჰამბურგის 500-ქულიანი ტურნირი, რომლის მოქმედი ჩემპიონის რანგში საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ასპარეზობს, შესაბამისად მას საკმაოდ დიდი ძალისხმევა მართებს, რომ გასულ წელს მოპოვებული 500-ქულა დაიცვას და საჩემპიონო თასი მეორედ აღმართოს.

ნიკა ამჟამად მსოფლიო რეიტინგში მე-16 პოზიციაზეა, მისი პირველი რაუნდის მეტოქე ბოლივიელი უგო დელიენი გახლდათ, რომელიც ქართველმა ჩოგბურთელმა საკმაოდ დამაჯერებლად, ორ სეტში დაამარცხა. რაც შეეხება ჩვენებურის მეორე რაუნდის მეტოქეს, ეს გახლდათ არგენტინელი, ხუან იგნასიო ლონდერო, რომელთანაც 3-სეტიანი დაპირისპირების შემდეგ, საკმაოდ მნიშვნელოვანი მომდევნო ეტაპის საგზური ნიკოლოზს დარჩა.

პირველი სეტის საწყის გეიმებში ნიკას თამაშს დამაჯერებლობა აკლდა, თუმცა მან ძალების მობილიზება მალევე მოახერხა და სეტებშიც დაწინაურდა – 6:4.

მეორე სეტში საწყისი გეიმები მეტოქეებმა გაინაწილეს, თუმცა გარდამტეხ მომენტში ლონდერომ ბრეიკის შესრულება მოახერხა, რითაც სეტებში წონასწორობა აღადგინა – 3:6.

გადამწყვეტ სეტში ქართველი ჩოგბურთელი ძალიან მოტივირებული და თავდაჯერებული გამოვიდა, მან უმალვე მოახერხა ბრეიკის გაკეთება და ეს უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა, შესაბამისად შეხვედრაც წარმატებით დაასრულა – 6:3.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია: 6:4, 3:6, 6:3 – ბასილაშვილის სასარგებლოდ.

მომდევნო ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს 77-ე ჩოგანი ჟერემი ჩარდი იქნება, რომელმაც ჰამბურგის ასპარეზზე თანამემამულე ფრანგები, ჯერ ბენუა პერი, შემდეგ კი რიშარ გასკე დაამარცხა.

Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ ჩოგბურთელს!

ნიკოლოზ ბასილაშვილის სვლა ჰამბურგის საჩემპიონო გზაზე წარმატებით გრძელდება

სტატიის ავტორი
-