მიუხედავად საახალწლო დღეებისა, ტოპ 14-ში მე-13 ტურის თამაშები გაიმართა და მასში ათმა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა.
“ბორდომ” “ტულონს” უმასპინძლა და 31:18 დაამარცხა, მოედანზე კი ოთხი ჩვენებური გავიდა. მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე შევიდნენ და მეორე ტაიმი სრულად ითამაშეს ლექსო ყაულაშვილმა და ლაშა ტაბიძემ. სტუმართა ძირითადში იყო ბექა გიგაშვილი და ის 65-ე წუთზე ლუკა ჭელიძემ შეცვალა.
“მონპელიეს” რიგებში დასკვნითი 20 წუთი ითამაშა მიხეილ ნარიაშვილმა. მისი გუნდი “ტულუზს” დაუხვდა და 9:16 დამარცხდა.
ოთხი ქართველი გავიდა “სტად ფრანსესა” და “ბრივის” მატჩში. პარიზელებმა სამი ლელო გაუშვეს, თუმცა თავად ექვსი გაიტანეს, 51:21 მოიგეს და ბონუსიც აიღეს. მასპინძელთა შორის პირველიდან 55-ე წუთამდე ითამაშა ვასილ კაკოვინმა, ხოლო გიორგი მელიქიძე შეცვლაზე 67-ე წუთზე შევიდა. “ბრივის” ძირითადში იყო და 35-ე წუთზე შესაცვლელი შეიქმნა ოთარ გიორგაძე, ვასილ ლობჟანიძე კი შეცვლაზე 61-ე წუთზე შევიდა.
“რასინგ 92″-მა ” “კლერმონს” სტუმრად გამარჯვების ლელო 75-ე წუთზე გაუტანა – 24:22. სტუმართა განაცხადში იყო და თამაშში 47-ე წუთიდან ჩაერთო გურამ გოგიჩაშვილი.
ფოტო: rugbyrama
წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი