გარდიანმა ივლისის ტესტ-მატჩებიდან 6 მოთამაშე გამოარჩია, მათ შორის – დავით ნინიაშვილი

ბრიტანულმა გამოცემამ, The Guardian-მა, ზაფხულის ტესტ-მატჩებიდან 6 გამორჩეული მოთამაშე დაასახელა, რომელთა შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე, დავით ნინიაშვილიც მოხვდა.

“ბორჯღალოსნებმა” ივლისში ჩატარებული სამი შეხვედრიდან ორში იმარჯვეს, დავით ნინიაშვილმა კი თავი სამივე მატჩში გამოიჩინა – არგენტინა XV-თან და პორტუგალიასთან ლელო დადო, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ დადებულ 2 ლელოში კი უშუალო მონაწილეობა მიიღო.

“საქართველო ყოველთვის დააფასებს იმ დღეს, როდესაც ტიერ-ერთის წარმომადგენელთან პირველად მოიგო – “ბორჯღალოსნებმა” 10 ივლისს იტალია ბათუმში 28:19 დაამარცხეს. ყოვლისმომცველი ნინიაშვილი, რომელიც ჯერ კიდევ თინეიჯერია, შოუს მთავარი ვარსკვლავი იყო. საკლუბო რაგბის საფრანგეთში, “ლიონში” თამაშობს და, როგორც ჩანს, განზრახული აქვს, რომ მოწინააღმდეგეებს მომავალში ბევრი პრობლემა შეუქმნას,” – წერს გარდიანი.


გამოცემამ, ქართველი მორაგბის გარდა, კიდევ 5 მოთამაშის – ტად ბირნის, პიტერ ო’მაჰოუნის (ორივე ირლანდია), ფრედი სტიუარდის (ინგლისი), ტომი რეფელისა (უელსი) და როდრიგო ფერნანდესის (ჩილე) თამაშო გამოყო. ამ უკანასკნელის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ამერიკას ორი მატჩის ჯამში 52:51 მოუგო და ტურნირის საგზური გაიფორმა.


გარდიანმა ივლისის ტესტ-მატჩებიდან 6 მოთამაშე გამოარჩია, მათ შორის – დავით ნინიაშვილი

სტატიის ავტორი
-