ლადო კილასონია: ,,მსოფლიოში ბევრი ისეთი გუნდი არ არის, რომელიც 0:33 ჩამორჩენის შემდეგ, სხვაობას ასე შეამცირებს”

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლადო კილასონიამ, ახალ ზელანდიასთან წაგებული მატჩი (26:50) შეაფასა:

„ჩვენ კარგად ვიცოდით რაში იყო სახიფათო ახალი ზელანდია – ეს არის ცუდად დარტყმული ფეხი და დაგვიანებული ახურვა, სწრაფი ბურთი და კონტრშეტევა. პირველ 30 წუთში სამივე ამ კომპონენტში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რამაც მეტოქეს ძალიან წინ გაჭრის შესაძლებლობა მისცა.

მე ამაყი ვარ ამ ბიჭების ხასიათის, რადგან ისინი არ გატყდნენ, ყურადღება იმ დეტალებს მიაქციეს, რომლებზეც ვმუშობდით და დაბრუნდნენ თამაშში. მსოფლიოში ბევრი არაა ისეთი გუნდი, რომელიც 0:33 ჩამორჩენის შემდეგ ასე ახლომდე დაიყვანს სხვაობას. მერე იყო მსაჯის მხრიდან ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩემში კითხვის ნიშნებს აჩენს. ამიტომ დანარჩენი შეფასებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ,” – ლადო კილასონიას სიტყვებს საქართველოს რაგბის კავშირის ვებგვერდი ციტირებს.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებისთვის სამხრეთ აფრიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიული გამოდგა – უმცროსმა ,,ბორჯღალოსნებმა” ტურნირში მე-8 ადგილი დაიკავეს, რაც ჩვენი ნაკრებისთვის საუკეთესო შედეგია. ლადო კილასონიას გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე არგენტინისა (20:0) და იტალიის (30:17) დამარცხება შეძლო.

ლადო კილასონია: ,,მსოფლიოში ბევრი ისეთი გუნდი არ არის, რომელიც 0:33 ჩამორჩენის შემდეგ, სხვაობას ასე შეამცირებს”

სტატიის ავტორი
-