სკოტ რობერტსონი ოლ ბლექსის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად სკოტ რობერტსონი დაინიშნა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, 48 წლის სპეციალისტი “ოლ ბლექსს” 2024 წლიდან გაუძღვება.

რობერტსონსა და ახალი ზელანდიის რაგბის კავშირს შორის 4-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, “კრუსეიდერსის” სახელოვანი მწვრთნელი “ოლ ბლექსს” 2027 წლის რაგბის მსოფლიო თასის დასრულებამდე უხელმძღვანელებს. ამ დროისათვის უცნობია, თუ როგორ დაკომპლექტდება რობერტსონის სამწვრთნელო შტაბი.

სკოტ რობერტსონის გაწვრთნილი ახალი ზელანდიის U20 მორაგბეთა ნაკრები, 2015 წლის U20 რაგბის მსოფლიო თასის ტრიუმფატორი გახდა. “კრუსეიდერსში” მისი მოღვაწეობა არანაკლებ შთამბეჭდავია – რობერტსონის მეთაურობით, 2017 წელს “კრუსეიდერსი” სუპერ რაგბის, ხოლო 2020 და 2021 წლებში სუპერ რაგბი აოტეაროას გამარჯვებული გახდა. 2022 წელს, რობერტსონის გაწვრთნილი “კრუსეიდერსი” სუპერ რაგბი პასიფიკის ტრიუმფატორად მოგვევლინა.


სკოტ რობერტსონი ოლ ბლექსის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა 1

საკლუბო დონეზე მიღწეული წარმატების ფონზე, რობერტსონის მხარდამჭერთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა – ხოლო “ოლ ბლექსის” წარუმატებელმა მატჩებმა იან ფოსტერის რეპუტაციას დიდი დარტყმა მიაყენა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები A-ჯგუფში, მასპინძელი საფრანგეთის, იტალიის, ურუგვაისა და ნამიბიის წინააღმდეგ იასპარეზებს.

სკოტ რობერტსონი ოლ ბლექსის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

სტატიის ავტორი
-