ლიონი : ბარსელონა (პრევიუ)
რამდენიმე წუთის წინ Uefa-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა და წყვილები უკვე ცნობილია.
“ლიონი” პირველ თამაშში “ბარსელონას” უმასპინძლებს. ეს გუნდები UEFA-ს ეგიდით ერთმანეთს ექვსჯერ შეხვდნენ. პირველი დაპირისპირება 2001 წლის 10 ოქტომბერს გაიმართა. მაშინ “ლიონი” და “ბარსელონა” ერთ ჯგუფში თამაშობდნენ. F ჯგუფის შეხვედრაში მაშინ კატალონიელებმა მეტოქე “ნოუ კამპზე” 2:0 დაამარცხეს.
23 ოქტომბერს იმავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში “ბარსელონამ” სტუმრად 2:3 მოუგო “ლიონს”. ანგარიში პატრიკ კლიუვერტმა გახსნა. “ლიონის” კარი მეორედ რივალდომ აიღო. სხვაობა ლუინდულამ შეამცირა, 1:2. ანგარიშის გათანაბრება ერიკ კარიერემ მოახერხა. “ბარსელონას” კი ბოლო წამებზე ხერარდმა მოაგებინა.
![ლიონი : ბარსელონა (პრევიუ) 1 video](https://www.live.ge/files/2018/12/b22fdba927a4f0b91c8179cb2f98feb0.jpg)
მესამედ “ლიონი” და “ბარსელონა” 2007 წელს, ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. 19 სექტემბერს მატჩი “ნოუ კამპზე” შედგა და კატალონიელთა გამარჯვებით, 3:0 დასრულდა. კლერკმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მეორე და მესამე ბურთები კი ლიონელ მესიმ და ტიერი ანრიმ გაიტანეს. მეორე შეხვედრა საფრანგეთში კი ფრედ, 2:2 დამთავრდა. იქ ანგარიში ანდრეს ინიესტამ გახსნა მე-3 წუთზე. ზუსტად 4 წუთში ჟუნინიომ წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმში ლიონელ მესიმ თერთმეტ მეტრიანი გამოიყენა და “ბარსელონა” კვლავ დააწინაურა. ანგარიშის გათანაბრება კი კვლავ ჟუნინიომ შეძლო და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
![ლიონი : ბარსელონა (პრევიუ) 3 video](https://www.live.ge/files/2018/12/SPO130.jpg)
2009 წელს “ბარსელონა” და “ლიონი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი შეხვედრა “ლიონმა” საკუთარ კედლებში გამართა და მატჩი 1:1 დასრულდა. მატჩის დებიუტშივე ანგარიში საჯარიმო დარტყმით ჟუნინიომ გახსნა. თამაშის გადარჩენა კატალონიელებმა 67-ე წუთზე ტიერი ანრის გოლით შეძლეს. რაც შეეხება საპასუხო შეხვედრას “ნოუ კამპზე”, “ბარსელონამ” მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და 5:2 გაანადგურა. ესპანელებმა მეოთხედფინალისტის ვინაობა პირველსავე ტაიმში გაარკვიეს. 25-ე და 27-ე წუთებზე ტიერი ანრიმ ფრანგებს დუბლი შეუსრულა. მე-40-ზე ლიონელ მესიმ მესამედ აიღო “ლიონის” კარი. ზუსტად 3 წუთში კი სამუელ ეტო’ომ ანგარიში გამანადგურებელი გახადა. ტაიმის ბოლოს მაკუნიმ პრესტიჟის ბურთი გაიტანა და ტაიმი 4:1 დასრულდა. მეორე ნახევარში ჟუნინიომ სხვაობა კიდევ უფრო შეამცირა. მატჩის ბოლოს კი სეიდუ კეიტამ მეხუთედ აიღო “ლიონის” კარი და “ბარსელონას” მეოთხედფინალში გასვლა არ გასჭირვებია.
![ლიონი : ბარსელონა (პრევიუ) 5 video](https://www.live.ge/files/2018/12/505433-22853450-2560-1440.jpg)
ამრიგად, 6 გამართულ შეხვედრაში “ბარსელონამ” მოიგო 4, ხოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა. შესაბამისად, “ლიონს” მოგება არ აქვს. ბურთების შეფარდება 16:6-თან “ბარსელონას” სასარგებლოდ.