UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში “ბარსელონა” “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდა. “კამპ ნოუზე” გამართული მატჩი კატალონიელთა დომინირებით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.
კატალონიელთა შემადგენლობაში დუბლით გამოიჩინა თავი ლეო მესიმ, 1 გოლი კი ფილიპე კოუტინიოს ანგარიშზეა. “მანჩესტერ იუნაიტედის” ბარიერის დაძლევის შემდეგ, “ბარსელონა” ნახევარფინალში “პორტო” “ლივერპულის” წყვილს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
მატჩის დასრულების შემდეგ, შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ:
- UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში “ბარსელონა” არასდროს დამარცხებულა, როდესაც ლეო მესიმ ორიდან ერთ მატჩში მაინც შეძლო გოლის გატანა.
- UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში “მანჩესტერ იუნაიტედმა” 2015 წლის შემდეგ პირველად გაუშვა 3 გოლი.
- ფილიპე კოუტინიომ “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ გამართულ 11 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. “ლივერპულის” მაისურით კოუტინიო ცხრაჯერ დაუპირისპირდა “მანჩესტერ იუნაიტედს” და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა. “ბარსელონას” მაისურით კოუტინიოს გოლის გასატანად მხოლოდ 2 მატჩი დასჭირდა.
- 2015 წელს, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფით დასრულების შემდეგ, “ბარსელონა” UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პირველად გავიდა.
- UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ბომბარდირი ლეო მესია, რომელმაც 10 გოლის გატანა შეძლო.
- ინგლისური კლუბების წინააღმდეგ გამართული 24 ორ მატჩიანი დაპირისპირებიდან “ბარსელონამ” 15 მოიგო. უკანასკნელი 9 დაპირისპირებიდან – 8 კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა.
- UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ინგლისური კლუბების წინააღმდეგ გამართულ მატჩებში ლეო მესიმ 24 გოლი გაიტანა.
- “ბარსელონამ” 2013 წელს დაწყებული წაუგებელი საშინაო მატჩების რეკორდი 31-მდე გაზარდა. (28 გამარჯვება, 3ფრე).