1 მილიარდი ევრო: ოფიციალურად – ანსუ ფატიმ ბარსელონასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

ბოლო პერიოდის განმავლობაში, ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა – ანსუ ფატიმ “ბარსელონასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა.

კატალონიური კლუბის ახალმა მეათე ნომერმა “ბარსელონასთან” ახალი, ხუთწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის გამოსასყიდი თანხაც 1 მილიარდი ევრო იქნება.

როგორც იწერება, 2027 წლამდე გათვლილი კონტრაქტის დაუყოვნებლივ გაფორმების მთავარი მიზეზი გახლდათ ის, რომ სატრანსფერო მითქმა-მოთქმა სეზონის დასრულებამდე მაინც შემწყდარიყო. აქამდე არსებული კონტრაქტი 18 წლის ესპანელ ფეხბურთელს თავის მშობლიურ კლუბთან მიმდინარე სეზონის დასრულებამდე აკავშირებდა.

აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ესპანეთის ნაკრების მარცხენაფლანგელს “ბლაუგრანა” 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობდა, თუმცა მათ გადაწყვიტეს, რომ ფატი ახალი, გრძელვადიანი პროექტის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გამხდარიყო.

ანსუ ფატის დებიუტი “ბარსელონას” მთავარ გუნდში 2019 წლის აგვისტოში შედგა და მას შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელმა ესპანური გრანდის მაისურით 48 შეხვედრაში 15 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე გადაცემა გაკეთებული. ბოლო თვეები მას ტრავმის გამო გაუცდა, მიმდინარე სეზონში მოედანზე დაბრუნების შემდეგ კი, ხუთ მატჩში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

 

1 მილიარდი ევრო: ოფიციალურად – ანსუ ფატიმ ბარსელონასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

სტატიის ავტორი
-