არსენალმა სიტისთან უმნიშვნელოვანესი მატჩი დათმო | არტეტას შეფასება

“არსენალისთვის”, “მანჩესტერ სიტისთან” დაპირისპირება უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი იყო. ამის შესახებ მატჩის პრევიუშიც ვწერდით – სადავო საკითხი იყო, თუმცა ვთვლიდით, რომ “ემირეითსზე” ამაზე დიდი მატჩი არასოდეს გამართულა. ამას რომ თავი დავანებოთ, “სიტისთან” საშინაო შეხვედრის მნიშვნელობა “არსენალის” თითოეულ ქომაგს, ფეხბურთელსა და მწვრთნელს ყველაზე კარგად ესმოდა. თუმცა შედეგი ყველაფერზე მაღლა დგას და არტეტას გუნდმა მთავარ კონკურენტთან მორიგი მატჩი დათმო (ზედიზედ 11 მარცხი პრემიერ ლიგაში “სიტის” წინააღმდეგ).

“მეთოფეებს” ურიგოდ არ უთამაშიათ და საგოლე მომენტების სიმრავლესაც არ უჩიოდნენ, თუმცა არტეტას გუნდს ინდივიდუალური შეცდომები ძვირად დაუჯდა: ტაკეჰირო ტომიასუსა და გაბრიელ მაგალაეშის არაზუსტი მოქმედება კევინ დე ბრუინემ და ჯეკ გრილიშმა გოლებად გარდასახეს.

ტომიასუს შემთხვევაში, იაპონელმა ბურთის მეკარისკენ გადაწოდება განიზრახა, თუმცა ჩასაფრებული დე ბრუინე ვერ შეამჩნია, გაბრიელმა კი ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან დაკარგა.

არსენალმა სიტისთან უმნიშვნელოვანესი მატჩი დათმო | არტეტას შეფასება 1

მატჩის შემდეგ მიკელ არტეტამ განცხადება გააკეთა და აქცენტი სწორედ ინდივიდუალურ შეცდომებზე გააკეთა.

“ძალიან რთულია იმ დონეზე თამაში და მოგებისთვის ბრძოლა, რასაც “მანჩესტერ სიტი” შენგან ითხოვს. ვფიქრობდი, რომ ბევრ მომენტში, ეს შევძელით. თუმცა არ ვიცი, გამოუცდელობის ბრალია თუ უიღბლობის. ბოლო 7 წლის განმავლობაში, ტომიასუს ასეთი პასი არასოდეს გაუკეთებია, მაგრამ დღეს ასე მოხდა.

ეს თამაშის ნაწილია, “სიტი” კი იმ დონის გუნდია, რომელიც მსგავს შეცდომებს სათავისოდ გამოიყენებს. წინ გრძელი მარათონია და ჩვენ მხოლოდ ხვალინდელ დღეზე უნდა ვიფიქროთ”, – თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.

არსენალმა სიტისთან უმნიშვნელოვანესი მატჩი დათმო | არტეტას შეფასება 2

ამ მატჩის შედეგად, “არსენალმა” მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა მას 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული (მე-7 ტურის საშინაო შეხვედრა, “ევერტონთან”).

არსენალმა სიტისთან უმნიშვნელოვანესი მატჩი დათმო | არტეტას შეფასება

სტატიის ავტორი
-