დავითაშვილი თანაგუნდელებთან კომუნიკაციის სირთულეებზე საუბრობს

მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული ენის არცოდნის გამო, თანაგუნდელებთან კომუნიკაციის სირთულეეებს წააყწდა – გასულ ზაფხულს, “ბორდოში” იჯარის წესით გადასულმა ზურიკო დავითაშვილმა, ფრანგული კლუბის სასტარტო თერთმეტეულში თავის დამკვიდრება მარტივად შეძლო.

ზაფხულში “ბორდომ” ბრწყინვალე ტრანსფერი განახორციელა, როდესაც “დინამო ბათუმიდან” იჯარის წესით ზურიკო დავითაშვილი დაიმატა. კონტრაქტში ასევე ასახულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც ჟირონდელებს მისი გამოსყიდვა შეუძლიათ. 22 წლის დავითაშვილმა 4 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო და “ბორდოს” ელიტაში დაბრუნებაში ეხმარება.

SoFoot-თან საუბარში, ზურიკო დავითაშვილმა ენობრივი ბარიერის გამო შექმნილ სირთულეებზე ისაუბრა.

“გამომდინარე იქიდან, რომ ფრანგული არ ვიცი, ცოტა რთულია. ინგლისური ვიცი და მწვრთნელის მითითებების გასაგებად, თანაგუნდელებს ვესაუბრები. დანილო იგნატენკოსთან ყველაზე მარტივად დავამყარე კომუნიკაცია – ის უკრაინელია და რუსულად კარგად საუბრობს. დავმეგობრდით და რამდენჯერმე რესტორანშიც წავედით ერთად. ალექსი პიტუსაც დავუახლოვდი, რომელიც გუნდს ზამთარში შეუერთდა. რა თქმა უნდა, ყველაფერი გაცილებით მარტივად იქნება, როდესაც ფრანგულს სრულყოფილად დავეუფლები”, – ზურიკო დავითაშვილი.

შეგახსენებთ, საფრანგეთის ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, “ბორდო” 66 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფება და გიორგი მიქაუტაძის “მეცს” მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.

დავითაშვილი თანაგუნდელებთან კომუნიკაციის სირთულეებზე საუბრობს

სტატიის ავტორი
-