“ბარსელონამ” სატელევიზიო უფლებების მორიგი პაკეტი გაყიდა – ჟოან ლაპორტასა და საინვესტიციო კომპანია Sixth Street-ის გარიგების შედეგად, კლუბის ბიუჯეტი €315 მილიონით შეივსო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კატალონიელებს როგორც ახალი ფეხბურთელის დამატება, ასევე ლა ლიგის სახელფასო რეგულაციების დაკმაყოფილება შეუძლიათ.
მიმდინარე წლის 30 ივნისს “ბარსელონამ” საინვესტივიო კომპანია Sixth Street-თან €207.5 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა. როგორც Sixth Street-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, მომდევნო 25 წლის განმავლობაში, ამერიკულ საინვესტიციო კომპანიას “ბარსელონას” სატელევიზიო უფლებების 10% გადაეცა.
დამატებით 15%-იანი პაკეტის მფლობელი კვლავ Sixth Street გახდა, რომელსაც, Financial Times-ის თანახმად, $60 მილიარდზე მეტის აქტივები გააჩნია.
“დამატებითი შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით, ძალიან მოხარულები ვართ. ჩვენ ფინანსური სიძლიერე ძალიან გვჭირდება და შესაბამისად, ჩვენს სტრატეგიას მივუყვებით”, – განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ.
ახალი შენაძენები
ბარსელონა” სატრანსფერო ბაზარზე გამოკვეთილად აქტიურობს – ლევანდოვსკისა (€45 მლნ.) და რაფინიასთან (€58 მლნ.) ერთად, კლუბმა თავისუფალი აგენტის სტატუსით ფრანკ კესიე და ანდრეას კრისტენსენი გაიფორმა.
![€315 მლნ. ბიუჯეტში | ბარსამ სატელევიზიო უფლებების 15% გაყიდა 1 €315 მლნ. ბიუჯეტში | ბარსამ სატელევიზიო უფლებების 15% გაყიდა 1](https://www.live.ge/wp-content/uploads/2022/07/Lewandowski-presentation.jpg)
“ბარსელონა ერთადერთი გუნდია რმსოფლიოში, რომელსაც ფული არ აქვს, მაგრამ ნებისმიერი ფეხბურთელის შეძენა შეუძლია. ჩემთვის ეს ძალიან უცნაური და გაუგებარია. არ ვიცი როგორ, მაგრამ ისინი პრობლემის გადაჭრის გზებს პოულობენ”, – აღნიშნა “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა ლევანდოვსკის კატალონიაში გადაბარგების შემდეგ.
Sixth Street-თან თანამშრომლობის შედეგად, კატალონიელებმა ფინანსური მდგომარეობის გამოსწორება მნიშვნელოვნად შეძლეს. 2022/23 წლების სეზონი “ბლაუგრანასთვის” უმნიშვნელოვანესი იქნება, რადგან ტიტულების მოგება არამარტო გულშემატკივარის ხასიათზე, არამედ ბიუჯეტის მდგრადობაზეც პირდაპირ აისახება. შეგახსენებთ, რომ ესპანური კლუბის ვალი დაახლოებით €1.3 მილიარდს შეადგენს.
ცნობილია, რომ ხავის “სევილიას” ფეხბურთელის, ჟიულ კუნდეს დამატებაც სურს, რომლის სანაცვლოდაც, ანდალუსიელები €60 მილიონს ითხოვენ. Sixth Street-თან უკანასკნელი შეთანხმების შემდეგ, აღნიშნული ტრანსფერის ალბათობა გაცილებით უფრო რეალური გახდა.
ტრანსფერებში გაღებული დანახარჯის ნაწილობრივ ამოღებას, კლუბი რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვითაც გეგმავს: “ბარსამ” ტრანფერზე ნეტო (€3 მლნ.), სამუელ უმტიტი (€2 მლნ), ოსკარ მინგესა (€6 მლნ.), რიკი პუჩი ( €7 მლნ.) და მარტინ ბრაითუეითი (€6 მლნ.) დააყენა. “ტოტენჰემში” იჯარის წესით გადავიდა კლემან ლანგლე და სავარაუდოა, რომ “კამპ ნოუზე” აღარ ითამაშებენ ნიდერლანდელი ფეხბურთელები – ფრენკი დე იონგი და მემფის დეპაი, რომელთა ჯამური სატრანფერო ღირებულება €105 მილიონს შეადგენს.