ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ,,მანჩესტერ სიტიმ” ,,ლაიფციგს” უმასპინძლა და 7:0 დაამარცხა. ისტორიული შეხვედრა ჩაატარა მასპინძელი გუნდის თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა, რომელმაც მეტოქეს 5 გოლი გაუტანა.
ფრანგულმა გამოცემამ, L’Equipe-მა, ნორვეგიელის თამაში უმაღლესი (10) ქულით შეაფასა, ასეთი რამ კი ისტორიაში მხოლოდ მეთექვსმეტედ მოხდა.
აღსანიშნავია, რომ ჰოლანდმა L’quipe-სგან 10-ქულიანი შეფასება მეორედ დაიმსახურა, მსგავსი რამ კი ჯერჯერობით მხოლოდ ლეო მესიმ შეძლო.
ფეხბურთელები, რომლებმაც L’Equipe-სგან უმაღლესი შეფასება მიიღეს:
1. ფრანკ სოზე – 21-წლამდელებს შორის 1988 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში სოზემ საბერძნეთთან მოგებულ მატჩში (3:0) დუბლი გაიფორმა.
2. ბრუნო მარტინი – საფრანგეთის ნაკრების მეკარემ იმავე მატჩში კარი მშრალად შეინახა და გაზეთისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
3. ოლეგ სალენკო – რუსმა თავდამსხმელმა 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კამერუნს 5 გოლი გაუტანა.
4. ლარს ვინდფილდი – ორჰუსის დანიელ მეკარეს L’Equipe-მა ათიანი ნანტთან მატჩში დაუწერა.
5. ლეო მესი – 2010 წელს ლეომ არსენალს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პოკერი შეუსრულა.
6. ლეო მესი – 2 წლის შემდეგ, მესიმ ლევერკუზენის კარი 5-ჯერ აიღო.
7. რობერტ ლევანდოვსკი – 2013 წელს პოლონელმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში რეალს 4 გოლი გაუტანა.
8. კარლოს ედუარდო – ნახევარცველმა 2014 წელს გენგამთან 7-2 მოგებულ მატჩში თავი 5-ჯერ გამოიჩინა.
9. ნეიმარი – 2018 წელს პარი სენ ჟერმენმა დიჟონს 8:0 მოუგო, ნეიმარმა 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
10. დუშან ტადიჩი – რეალთან სტუმრად მოგებულ შეხვედრაში (4:1) ტადიჩმა მეტოქეს მხოლოდ ერთი გოლი გაუტანა, მაგრამ სერბის შესანიშნავი თამაში მაინც 10 ქულით შეფასდა.
11. ლუკას მოურა – ჩემპიონთა ლიგის 2018/2019 წლების სეზონში ტოტენჰემმა ნახევარფინალური ეტაპი აიაქსთან საოცარი ქამბექით დაძლია, ლონდონელების სამივე გოლი ლუკას მოურას ანგარიშზეა.
12. სერჟ გნაბრი – ბაიერნის შემტევმა 2019 წელს ტოტენჰემის კარი 4-ჯერ აიღო.
13. კილიან მბაპე – 22 წლის ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში შესრულებული პირველი პოკერი ფრანგულმა გაზეთმა 10 ქულით დაუფასა.
14. ერლინგ ჰოლანდი – ნორვეგიელმა მანჩესტერ იუნაიტედთან მოგებულ მატჩში (6:3) ჰეთთრიკი გაოფორმა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
15. დომინიკ ლივაკოვიჩი – ხორვატიის ნაკრების მეკარემ ბრაზილიასთან, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩში, 10 სეივი შეასრულა. პენალტების სერიაში კი როდრიგოს დარტყმა მოიგერია და მისი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი როლი შეასრულა.