ოფიციალურად: გურამ კაშია ლოკომოტივის ფეხბურთელია 

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, გურამ კაშია თბილისის “ლოკომოტივის” ფეხბურთელია.

33 წლის ფეხბურთელმა, რომელიც 2020 წლის ზამთრის შემდეგ უკლუბოდ იყო და “რკინიგზელების” შემადგენლობაში ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიშობდა, თბილისურ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

საქართველოს ეროვნული გუნდის ვიცე-კაპიტანი თბილისელთა შემადგენლობაში 4-ნომრიან მაისურს მოირგებს.

“ლოკომოტივში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი გუნდთან ერთად გავიარე; ვიყავი ესპანურ შეკრებაზე. საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ კლუბს ოფიციალურად შევუერთდე. ახლა, გუნდის სრულფასოვანი წევრი ვარ და მისი ნაწილი. იმედი მაქვს, წარმატების მიღწევაში ჩემს წვლილს შევიტან”, – კაშიას სიტყვებს კლუბის ოფიციალური გვერდი ციტირებს.

“ჯვაროსნების” რიგებში 81 მატჩის ჩამტარებელი და 2 გოლის გამტანი ფეხბურთელი 2010-18 წლებში არნემის “ვიტესში” თამაშობდა, გუნდის კაპიტანი და თილისმა გახლდათ და სწორედ მისი მეთაურობით მოიგო კლუბმა ისტორიაში ერთადერთი ტიტული – ნიდერლანდების თასი 2017 წელს. 2018-20 წლებში კაშია ვაკო ყაზაიშვილთან ერთად, MLS-ის ბინადარ “სან ხოსეში” გამოდიოდა.

ოფიციალურად: გურამ კაშია ლოკომოტივის ფეხბურთელია 

სტატიის ავტორი
-