2 შემთხვევა, როდესაც კარლოსი პრემიერ ლიგაში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო

მადრიდის “რეალში” 11-წლიანი კარიერის შემდეგ, რობერტო კარლოსი ლონდონის “ჩელსიში” გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა ბრაზილიელმა კარიერა საბოლოოდ “ფენერბახჩეში” გააგრძელა.

2007 წელს, როდესაც კარლოსისა და “რეალის” გზები გაიყო, თავისუფალი აგენტის სტატუსით ბრაზილიელის დამატება ლონდონურ გრანდს სურდა, თუმცა მოლაპარაკება უკანასკნელ წამს ჩაიშალა. “კარიერის თურქეთში გაგრძელებამდე 1 კვირით ადრე, პარიზში რომან აბრამოვიჩსა და პიტერ კენიონს შევხვდი, თუმცა ლონდონელებთან შეთანხმებას ვერ მივაღწიე. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ ლიგაში კარგად ვითამაშებდი, თუმცა სამწუხაროდ, მოლაპარაკება არ შედგა. შედეგად, კარიერა თურქეთში გავაგრძელე,” ამბობს კარლოსი.

2 შემთხვევა, როდესაც კარლოსი პრემიერ ლიგაში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო 1

ლეგენდარული ბრაზილიელის თქმით, მისი შეძენა კიდევ ერთ ინგლისურ კლუბს სურდა: ბირმინგემის “ასტონ ვილას” წარმომადგენლები მას 1995 წელს, ბრაზილიაში, “პალმეირასში” თამაშისას შეხვდნენ. კარლოსის უარის მიზეზი კვლავ კონტრაქტის დეტალები აღმოჩნდა. საბოლოოდ, პერსპექტიული ბრაზილიელი ფეხბურთელი მილანის “ინტერმა” შეიძინა, სადაც ის მთელმა საფეხბურთო სამყარომ გაიცნო.

1 სეზონის შემდეგ, კარლოსი მადრიდის “რეალმა” შეიძინა, სადაც მან ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ მოიგო. ამავე პერიოდში, მან ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდა. “დღეს ბრაზილიის ნაკრებს სახარბიელო პერიოდი არ უდგას, თუმცა მიმაჩნია, რომ ვინიციუსი და როდრიგო ბრაზილიის მომავალს შექმნიან. ასევე გამოვყოფდი “ფლამენგოში” მოთამაშე ჟერსონს – ჩემი აზრით, ეს ფანტასტიკური ფეხბურთელები არაერთ წარმატებას მიაღწევენ,” განაცხადა კარლოსმა.

დასასრულს, ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მარსელოსადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა, რომელსაც ბრაზილიისა და მადრიდის “რეალის” გულშემატკივრები მის შემცვლელს უწოდებენ. “მარსელომ ისეთ მწვერვალს მიაღწია, რომ ის მისაბაძ მაგალითად იქცა. მომავალმა ფეხბურთელებმა მისგან მაგალითი ისევე უნდა აიღონ, როგორც, ერთ დროს, ეს ჩემგან ხდებოდა,” აღნიშნა მან.

2 შემთხვევა, როდესაც კარლოსი პრემიერ ლიგაში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო 2

2 შემთხვევა, როდესაც კარლოსი პრემიერ ლიგაში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო

სტატიის ავტორი
-