“რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ოლიმპიადაზე არ უნდა დაუშვან” – ანდრეი შევჩენკო

რუსეთის ფედერაციის ბარბაროსული ქმედებებისა და უკრაინაში შეჭრის გამო, მსოფლიოს წამყვანმა სპორტულმა ორგანიზაციებმა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ საქნციები დააწესეს. როგორც საკლუბო და სანაკრებო დონეზე, ისე ინდივიდუალური სპორტის წარმომადგენლებს გლობალურ ფორუმებზე მონაწილეობის მიღება აეკრძალათ.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე შეხვედრა გამართა, სადაც არაერთი საინტერესო ფაქტი გაირკვა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, სპორტსმენები წარმოშობის გამო დისკრიმინაციის მსხვერპლნი არ უნდა იყვნენ, თუმცა მკაცრად გაკონტროლდება რამდენიმე დეტალი.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსი და ბელარუსი სპორტსმენები გარკვეული რეგულაციების დაცვით, ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მიღებას შეძლებენ.

“სეოკის” აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია. ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ომის დასრულებამდე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვება გამართლებული არაა.

“სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ, მაგრამ ეს ომი მეტია ვიდრე უბრალოდ პოლიტიკა. ისეთი დიდი სპორტული ფორუმები, როგორიცაა ოლიმპიადა შესანიშნავი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ გაავრცელო საყოველთაო მოწოდება მთელი მსოფლიოს მოსახლეობისთვის. ეროვნული დროშით თუ დროშის გარეშე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების არენაზე გამოჩენა იქნება აღქმული, თითქოს ომი დასრულდა და შეგიძლია ყველას აპატიო და ყველაფერი დაივიწყო.

ომი არ დასრულებულა. ომი ყოველდღიურად ანგრევს ჩვენს ქალაქებს, ჩვენს ბავშვებს ბავშვობას უნადგურებს და ჩვენს არსებობას საფრთხეს უქმნის. მსოფლიოს ეს უნდა ახსოვდეს. მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მშვიდობისა და თავისუფლებისათვის. ოლიმპიურ კომიტეტს მოვუწოდებ, რომ ომის დასრულებამდე რუს და ბელარუს სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს”, – ანდრეი შევჩენკო.

“რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ოლიმპიადაზე არ უნდა დაუშვან” – ანდრეი შევჩენკო

სტატიის ავტორი
-