უკეთესი, ვიდრე პორტუგალია და ბელგია – საქართველოს ნაკრების ბრწყინვალე სტატისტიკა

UEFA-ს ერთა ლიგის C-დივიზიონის C-ჯგუფის მესამე შეხვედრა, კვლავ საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. “ჯვაროსნები” ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრნენ და სკოპიეში გამართულ შეხვედრაში, მეტოქე პრაქტიკულად ყველა კომპონენტში დაჩაგრეს.

ჩრდილოეთ მაკედონია საკუთარ მოედანზე, საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ 0:3 დამარცხდა და შეიძლება ითქვას, რომ 2 წლის წინ განცდილი მარცხის გამო, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა რევანში აიღო. მასპინძელთა კარი ბუდუ ზივზივაძემ, ხვიჩა კვარაცხელიამ და ოთარ კიტეიშვილმა აიღეს.

ჩრდილოეთ მაკედონიაში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები C-დივიზიონის C-ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობს. “ჯვაროსნებმა” განვლილ სამ ტურში 3 გამარჯვება მოიპოვეს და 9 ქულის დაგროვება შეძლეს. ასევე თვალსაჩინოა გატანილი და გაშვებული გოლების თანაფარდობა (12:2). C-ჯგუფის მე-4 ტურის შეხვედრას, ვილი სანიოლის გაწვრთნილი ნაკრები 12 ივნისს, 20:00 საათზე, ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს და 8 მატჩიანი წაუგებელი სერიის (7 მოგება, 1 ფრე) გაგრძელებას შეეცდება. საქართველოსა და ბულგარეთის დაპირისპირება “დინამო არენაზე” გაიმართება.

განვლილ სამ ტურში საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალედ იასპარეზა. თითქმის სავსე “დინამო არენაზე” გიბრალტართან 4:0 გამარჯვების შემდეგ, “ჯვაროსნებმა” რაზგრადში პრინციპული მეტოქე – ბულგარეთი გაანადგურეს (2:5), რის შემდეგაც, სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიას არანაკლებ დამაჯერებლად (0:3) სძლიეს. UEFA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განახლებული სტატისტიკა გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები რიგ კომპონენტებში ისეთ ძლევამოსილ ნაკრებებს სჯობნის, როგორიცაა: პორტუგალია, ბელგია, ნიდერლანდები და სხვა. ასევე თვალსაჩინოა ქართველი ფეხბურთელების დომინირება და რეიტინგის სათავეში ყოფნა.

დეტალურად განვიხილოთ, რა კომპონენტში ლიდერობს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები და რითი გამოირჩევიან ქართველი ფეხბურთელები. 

დაგროვებული ქულა

უკეთესი, ვიდრე პორტუგალია და ბელგია - საქართველოს ნაკრების ბრწყინვალე სტატისტიკა 1

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა განვლილ 3 ტურში სამი გამარჯვება მოიპოვა და ქულათა მაქსიმალური რაოდენობის (9) დაგროვება შეძლო. იგივე მაჩვენებელი მხოლოდ საბერძნეთს აქვს. საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: პორტუგალია, სერბეთი და სხვა.

გატანილი გოლები

უკეთესი, ვიდრე პორტუგალია და ბელგია - საქართველოს ნაკრების ბრწყინვალე სტატისტიკა 2

UEFA-ს ერთა ლიგაზე “ჯვაროსნებმა” ყველაზე მეტი – 12 გოლის გატანა შეძლეს და ჩამოიტოვეს ისეთი ნაკრებები, როგორიცაა: თურქეთი, პორტუგალია, ბელგია, ნიდერლანდები და სხვა.

განხორციელებული შეტევა

უკეთესი, ვიდრე პორტუგალია და ბელგია - საქართველოს ნაკრების ბრწყინვალე სტატისტიკა 3

განვლილ სამ ტურში, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 157 შეტევა განახორციელა. მეტი, ვიდრე სერბეთმა, თურქეთმა, პორტუგალიამ და ნორვეგიამ. აღსანიშნავია, რომ C-დივიზიონის C-ჯგუფში, ჩვენმა მეტოქემ – ჩრდილოეთ მაკედონიამ 123 შეტევა განახორციელა.

დარტყმები

უკეთესი, ვიდრე პორტუგალია და ბელგია - საქართველოს ნაკრების ბრწყინვალე სტატისტიკა 4

“ჯვაროსნებმა” ყველაზე მეტი – 57 დარტყმა განახორციელეს. საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მეტოქის კარში ზუსტად 25-ჯერ დაარტყა. ქართველმა ფეხბურთელებმა კარისკენ 22-ჯერ დაარტყეს, ხოლო 10 დარტყმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა დაბლოკეს.

გადავიდეთ მოთამაშეთა ინდივიდუალურ სტატისტიკაზე, სადაც გასაკვირი არაა, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლიდერი – ხვიჩა კვარაცხელია დომინირებს.

მოთამაშის გოლი

უკეთესი, ვიდრე პორტუგალია და ბელგია - საქართველოს ნაკრების ბრწყინვალე სტატისტიკა 5

ერთა ლიგის განვლილი 3 ტურის შემდეგ, კვარაცხელიამ, დურსუნმა, ჰოლანდმა და ბაკასეტასმა გოლების თანაბარი რაოდენობა (3) გაიტანეს. კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზე 2 გოლია.

მოთამაშის საგოლე გადაცემა

უკეთესი, ვიდრე პორტუგალია და ბელგია - საქართველოს ნაკრების ბრწყინვალე სტატისტიკა 6

ამ კომპონენტში ბერნარდო სილვა ლიდერობს, რომელმაც თანაგუნდელები 3 საგოლე გადაცემით მოამარაგა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საუკეთესო ათეულში 3 ქართველი ფეხბურთელი მოხვდა. ხვიჩა კვარაცხელიას, საბა ლობჟანიძისა და გიორგი წიტაიშვილის ანგარიშზე 2-2 საგოლე გადაცემაა.

მოთამაშის დარტყმები

უკეთესი, ვიდრე პორტუგალია და ბელგია - საქართველოს ნაკრების ბრწყინვალე სტატისტიკა 7

კომპონენტი, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია პირველობას კრიშტიანუ რონალდუსაც კი არ უთმობს. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლიდერმა ჯამში 12 დარტყმა განახორციელა. 6 ზუსტი დარტყმა, 3 დარტყმა კარის მიმართულებით და 3 დარტყმა, რომელიც მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებმა დაბლოკეს. სასიამოვნოა იმის ხილვა, რომ კვარაცხელია ისეთ ვარსკვლავებს სჯობნის, როგორიცაა: კრიშტიანუ რონალდუ, ერლინგ ჰოლანდი და ალექსანდრ მიტროვიჩი.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, C-დივიზიონის C-ჯგუფის მე-4 ტურის შეხვედრაში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, “დინამო არენაზე” ბულგარეთს დაუპირისპირდება. მატჩი 20:00 საათე დაიწყება და სავსე ტრიბუნების ფონზე, “ჯვაროსნები” 8 მატჩიანი წაუგებელი სერიის (7 მოგება, 1 ფრე) გაგრძელებას შეეცდებიან.

უკეთესი, ვიდრე პორტუგალია და ბელგია – საქართველოს ნაკრების ბრწყინვალე სტატისტიკა

სტატიის ავტორი
-