ვიერი: “როცა მესი კარიერას დაასრულებს, ტელევიზორს გადავაგდებ”

იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ, კრისტიან ვიერიმ, “იუვენტუსთან” ჩატარებული შესანიშნავი მატჩის შემდეგ, ლიონელ მესი ჯადოქარს შეადარა.

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, კატალონიის “ბარსელონამ” ტურინის “იუვენტუსს” უმასპინძლა. მატჩი ანგარიშით 2:0 დასრულდა. ლიონელ მესიმ ჯერ დემბელეს გაატანინა, შემდეგ კი, მატჩის მიწურულს, ტურინელთა კარი 11-მეტრიანი დარტყმით აიღო. ამასთან, არგენტინელის ანგარიშზე 65 შედეგიანი გადაცემაა, რომელთაგანაც 5-მა, მეტოქის საჯარიმოში სახიფათო მომენტი შექმნა.

მესის ბრწყინვალე პერფორმანსზე კრისტიან ვიერიმ CBS Sports-თან ისაუბრა: “ბარსელონას 6-7 გოლის გატანა შეეძლო, გუნდმა ფანტასტიკურად ითამაშა. ვერც ვხვდები, როგორ წააგო ამ გუნდმა რეალთან. რაც შეეხება მესის, ის ჯადოქარია, ფეხბურთის ჰარი პოტერი. როდესაც ის კარიერას დაასრულებს, ტელევიზორს გადავაგდებ და Netflix-ს ჩავუჯდები, რადგან მესის წასვლის შემდეგ, ფეხბურთში საინტერესო აღარაფერი იქნება”, – აღნიშნა ვიერიმ.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ “იუვენტუსთან” გამართული შეხვედრის შემდეგ, საგოლე გადაცემების რაოდენობით, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა მე-2 ადგილზე გადაინაცვლა: მესის ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 35 ასისტი მოუგროვდა. პირველ ადგილს კი, 38 საგოლე პასით, კრიშტიანუ რონალდუ იკავებს, რომელმაც მატჩი კორონავირუსის გამო გამოტოვა.

მატჩი საინტერესო გამოდგა იმითაც, რომ ალვარო მორატამ “ბარსელონას” 3 გოლი გაუტანა, თუმცა მთავარმა არბიტრმა მას სამივე გოლი გაუუქმა.

ვიერი: “როცა მესი კარიერას დაასრულებს, ტელევიზორს გადავაგდებ”

სტატიის ავტორი
-