ზამთრის სატრანსფერო პერიოდის 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი

ზაფხულისგან განსხვავებით, იანვრის სატრანფერო პერიოდი ნაკლები ხმაურით ხასიათდება. გუნდები, უმეტესწილად, ფეხბურთელების იჯარის წესით დამატებაზე და ტრავმიანობისგან გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრაზე ზრუნავენ.

თუმცა ამავე პერიოდს მოულოდნელი ტრანსფერებიც ახასიათებს, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონია. მაგალითისთვის, კოუტინიოს ტრანსფერი გავიხსენოთ, რომელმაც “ბარსელონას” უდიდესი ფინანსური ზიანი მიაყენა. მეორე მხრივ, ლუკა მოდრიჩის დამატებას ესპანური მედია “რეალის” შეცდომად განიხილავდა, თუმცა დრომ აჩვენა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობის მატარებელი გახდა ხორვატი ნახევარმცველი მადრიდული გრანდის ისტორიაში.

#10 ფერნანდო ტორესი (ლივერპულიდან ჩელსიში, 2011) — €58.5 მლნ.

ტორესი “ლივერპულში” დაფრინავდა. ამას სტატისტიკაც მოწმობს და ფეხბურთის გულშემატკივრების ნათელი მოგონებებიც. ესპანელმა “მერსისაიდი” 142 მატჩში გატანილი 81 გოლითა და 20 ასისტით დატოვა. ცხადია, “არისტოკრატები” მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ მისი ტრანსფერი ჩავარდა. ტორესმა პოტენციალი ვერ გამოიყენა, ბურთი ცარიელ კარებსაც ააცილა, თუმცა ნუ დავივიწყებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახვარფინალურ შეხვედრაში (Vs. “ბარსელონა”) უმნიშვნელოვანესი და დაუვიწყარი გოლის ავტორი გახდა.

ზამთრის სატრანსფერო პერიოდის 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი 1

#9 ოსკარი (ჩელსიდან შანხაი პორტში, 2017) — €60 მლნ.

ეჰ, ერთ დროს ოსკარიც დაფრინავდა და ერთ-ერთ იმედისმომცემ ტალანტად ითვლებოდა, თუმცა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ფული საფეხბურთო დიდებაზე მაღლა დააყენა.

7 წლის წინ, ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი ტრანსფერი გაოფიციალურდა, ოსკარმა პრემიერ ლიგიდან, ჩემპიონთა ლიგიდან და ბრაზილიის ეროვნული ნაკრებიდან ჩინეთში გადაინაცვლა, თუმცა თავად კმაყოფილი დარჩა: იგი კვირაში თითქმის ნახევარ მილიონს გამოიმუშავებდა, რის შედეგადაც, მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.

ზამთრის სატრანსფერო პერიოდის 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი 2

#8 ბრუნო ფერნანდეში (სპორტინგიდან მანჩესტერ იუნაიტედში, 2020) — €63 მლნ.

უკანასკნელ წლებს თუ გადავხედავთ, “მანჩესტერ იუნაიტედი” თავის ძირითად სატრანსფერო საქმიანობას ზაფხულში ახორციელებს, თუმცა პორტუგალიელის ტრანსფერი გამონაკლისად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ბრუნოს ტრანფერის ნეგატიურად შეფასება გამორიცხულია – პორტუგალიელმა “ოლდ ტრაფორდზე” უმნიშვნელოვანესი რგოლი მოირგო და ამჟამად, ერიკ ტენ ჰაგთან ერთად გუნდისთვის ძველი დიდების დასაბრუნებლად ირჯება.

ზამთრის სატრანსფერო პერიოდის 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი 3

#7 პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდის ბორუსიადან არსენალში, 2018) — €63.75 მლნ.

ობამეიანგის შეძენაზე პრეტენზიას ბევრი გუნდი აცხადებდა. გაბონელი ჩინებულ ფორმაში იმყოფებოდა და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გაღებამდე, მის აქტივში 13 გოლი და 3 საგოლე პასი ირიცხებოდა. “არსენალში” მისი კარიერა ურიგოდ არ წარიმართა, მოიგო FA თასი, გახდა გუნდის კაპიტანი, თუმცა შემდეგ მიკელ არტეტასთან ურთიერთობა აერია და შუა სეზონის მიმდინარეობისას, “ბარსელონაში” გადაბარგდა.

ამჟამად, მისი სატრანსფერო ღირებულება €12 მილიონს შეადგენს და, სავარაუდოდ, შეგვიძლია იმის თქმა, რომ მისი საფეხბურთო კარიერა დასასრულს უახლოვდება.

ზამთრის სატრანსფერო პერიოდის 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი 4

#6 დიეგო კოშტა (ჩელსიდან ატლეტიკოში, 2018) — €60 მლნ.

“ჩელსისთვის” წინა ხაზი ყოველთვის პრობლემური ზონა იყო და ამიტომაც, კარგი ფორვარდის ხელში ჩასაგდებად, ლონდონური გრანდი დიდძალ ფულს არასოდეს იშურებდა. კოშტას შემთხვევა განსაკუთრებული იყო: “ჩელსიმ” იგი “ატლეტიკოსგან” €38 მილიონად შეიძინა და 4 სეზონში, უკან €60 მილიონად დააბრუნა.

დიეგო სიმეონე მისგან უკეთეს შედეგს ელოდა. ნისლიან ალბიონზე ესპანელი ფორვარდი ბრწყინავდა, თუმცა “ატლეტიკოში” ჩატარებულ 78 შეხვედრაში მხოლოდ 19 გოლის გატანა შეძლო.

მეტოქისთვის უხეში, უზრდელი და ყველაფრის მკადრებელი, თუმცა უდავოდ, განსაკუთრებული საფეხბურთო ხიბლის მქონე გახლდათ. ფეხბურთს ხომ მხოლოდ ხუთოსანი მოთამაშეები არ უხდება.

ზამთრის სატრანსფერო პერიოდის 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი 5

#5 აიმერიკ ლაპორტე (ბილბაოს ატლეტიკიდან მანჩესტერ სიტიში, 2018) — €65 მლნ.

2018 წლის ზამთრის სატრანსფერო პერიოდი გამორჩეული გახლდათ. ლაპორტეს ტრანსფერი იმ გამორჩეული სეზონის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახლდათ. ვინ იტყვის იმას, რომ მისი შეძენა ამ თანხად არ ღირდა?

მყარი, სტაბილური მცველი, რომელმაც გვარდიოლას გუნდში შეუცვლელი ადგილი დაიკავა.

ზამთრის სატრანსფერო პერიოდის 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი 6

#4 კრისტიან პულისიჩი (დორტმუნდის ბორუსიადან ჩელსიში, 2010) — €64 მლნ.

ძვირია, არა? უდავოა, რომ პულისიჩი მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ მაინც ბევრი გადაიხადეს. თანაც, შედეგიანობის თვალსაზრისით, განსაკუთრებული კვალი არ დაუტოვებია.

ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერაფრით მოიკიდა და ბრიტანული მედია კი სულ იმას იწერება, რომ პულისიჩის დღეები “ჩელსიში” დათვლილია.

ზამთრის სატრანსფერო პერიოდის 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი 7

#3 დუშან ვლაჰოვიჩი (ფიორენტინადან იუვენტუსში, 2021) — €81.6 მლნ.

ვლაჰოვიჩი სერია ა-ს რეკორდსმენია: ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, ამდენი არასოდეს, არავის სანაცვლოდ გადაუხდიათ.

ფიორენტინაში ნამდვილი ტერმინატორი გახლდათ, თუმცა მისმა შედეგიანობამ, “იუვენტუსის” არასტაბილური ასპარეზობის ფონზე, იკლო. მიმდინარე სეზონში 15 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში კი 7 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

ზამთრის სატრანსფერო პერიოდის 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი 8

#2 ვირჯილ ვან დაიკი (საუთჰემპტონიდან ლივერპულში, 2018) — €84.65 მლნ.

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გაუვალი მცველი. არა მგონია საკამათო იყოს ის, რომ ვან დაიკის ტრანსფერი ზამთრის სატრანსფერო პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული ტრანსფერია.

იყო დრო, როდესაც ამბობდნენ, რომ “ლივერპულმა” მეტისმეტად ბევრი გადაიხადა, მაგრამ მას მერე “მანჩესტერ იუნაიტედმა” ჰარი მაგუაირი კიდევ უფრო ძვირად შეიძინა და ეს თემაც დაიხურა. ისედაც დასახური იყო – როდესაც იგი მოედანზე იყო, 70 მატჩისა და თითქმის 5 წლის განმავლობაში, “ლივერპულს” საშინაო მატჩი არ წაუგია.

უკანასკნელ პერიოდში, ტრავმიანობას მოუხშირა, რაც მის სათამაშო ფორმაზე აისახა, მაგრამ როგორც ბრიტანეთში ამბობენ, streets will never forget, რომ ზედიზედ 50 მატჩის განმავლობაში, პრემიერ ლიგაში მას ვერცერთი ფეხბურთელი ვერ გასცდა.

ზამთრის სატრანსფერო პერიოდის 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი 9

#1 ფელიპე კოუტინიო (ლივერპულიდან ბარსელონაში, 2018) — €135 მლნ.

რომ არა კოუტინიო, “ლივერპულში” ვან დაიკის ტრანსფერი შესაძლოა არც შემდგარიყო. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოუტინიოს ტრანსფერი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი გამოდგა.

შეგახსენებთ, რომ კატალონიურ კლუბს თანხა სრულად დღემდე არ აქვს გადახდილი. ასევე შეგახსენებთ იმას, რომ როდესაც “ბაიერნში” განათხოვრებულმა კოუტინიომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, “ბარსელონას” “ლივერპულისთვის” დამატებით 5 მილიონის გადახდა მოუწია. მიზეზი მარტივი გახლდათ: კონტრაქტში ეწერა, რომ თუკი კოუტინიო ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა, “ბარსელონა” სწორედ ასე უნდა მოქცეულიყო, თუმცა იურისტებმა ის ვერ გაითვალისწინეს, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი ამას სხვა კლუბის მაისურით მიაღწევდა.

ზამთრის სატრანსფერო პერიოდის 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი 10

ზამთრის სატრანსფერო პერიოდის 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი

სტატიის ავტორი
-