ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მეორე ტური ქართველებისათვის წარუმატებელი გამოდგა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის (Liga ACB) მეორე ტურის შეხვედრაში, “სან პაბლო ბურგოსი” თორნიკე შენგელიასა და მეთ ჯენინგის “ბასკონიას” დაუპირისპირდა. უაღრესად დაძაბული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 82:79 დასრულდა.

“ბასკონიას” ქართველმა კაპიტანმა კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. სამწუხაროდ თორნიკეს გარჯა “ბასკონიას” გამარჯვებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა პარკეტზე 28:10 წუთი დაჰყო და 18 ქულასთან ერთად 7 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა. საბოლოო ჯამში, შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 21 შეადგინა. რაც შეეხება მეთ ჯენინგს, მისი მონაგარი 10 ქულა, 5 მოხსნა და 1 ასისტია. ჯენინგმა პარკეტზე 24:32 წუთი დაჰყო.

Liga ACB-ს მეორე ტური კვლავ წარუმატებელი გამოდგა ბექა ბურჯანაძის “გიპუზკოასათვის”, რომელიც ასევე დრამატულ ბრძოლაში “სარაგოსასთან” 76:73 დამარცხდა. ბექა ბურჯანაძეს მცირე სათამაშო დრო მიეცა (6.11 წუთი) ბურჯანაძემ ამ დროის განმავლობაში, 1 მოხსნას 1 ასისტი შემატა.

გიორგი შერმადინის “უნიკახას” გასვლითი მატჩი ელის. “ფუენლაბრადა” “უნიკახას” დაპირისპირება 4 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

სტატიის ავტორი
-