რაიკონენი: მედიაში გავრცელებული ჭორები F1-ს ზიანს აყენებს

2007 წლის მსოფლიო ჩემპიონის განცხდებით, მიმდინარე წელს მედიაში ფორმულა 1-თან დაკავშირებით უამრავი ჭორი იწერებოდა, რაც მხოლოდ ნეგატიური შედეგის მომტანია. მისი თქმით, მედია მუდამ სპეკულირებდა, რომ რაიკონენის გადაბირება McLaren-ს სურდა, თუმცა საბოლოოდ, ფინელმა მრბოლელმა Sauber-თან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

Autosport-თან საუბრისას რაიკონენმა აღნიშნა, რომ ადამიანებს უკანასკნელ პერიოდში ფორმულა 1 ნაკლებად აინტერესებთ, რაზეც გარკვეულ გავლენას მედიაც ახდენს. “უამრავი ტყუილის გავრცელების გამო, ადამიანები სპორტისადმი ინტერესს კარგავენ. ადამიანები იმაზე არიან ორიენტირებულები, თუ როგორ მოიფიქრონ რაღაც ნონსენსი, რაც F1-ს დიდ დარტყმას აყენებს”, – აღნიშნა მან.

რაიკონენმა კარიერა სწორედ Sauber-ში დაიწყო. ფინელი მრბოლელი გამოტყდა, რომ Sauber-ში გადასვლის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ შვეიცარიული საჯინიბოს ბაზა ჰინვილში, მის სახლთან ახლოს მდებარეობს. რაიკონენის თქმით, თანამედროვე ფორმულა 1-ში მას მუდმივი მოგზაურობა ღლის: “ძალიან ცუდია, როდესაც შვილს უნდა უთხრა, რომ 2 კვირაში დაბრუნდები. ხანდახან ეს პროცესი გღლის და ფიქრობ – ჯანდაბა, აქ არ უნდა ვიყო, სახლში მინდა. თუმცა ეს სპორტის განუყრელი ნაწილია”, – განაცხადა მან.

რაიკონენი: მედიაში გავრცელებული ჭორები F1-ს ზიანს აყენებს

სტატიის ავტორი
-