მოქმედმა ჩემპიონმა ზედიზედ მეორე იმერულ გუნდს მოუგო და ლიდერს წამოეწია

საქართველოს ეროვნული ლიგის მერვე ტურის მეორე შეხვედრა თბილისში, “დინამო არენაზე” შედგა, სადაც “დინამო თბილისმა” საჩხერის “ჩიხურას” უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

მატჩის წინ გუნდებს განსხვავებული სატურნირო მდგომარეობა ჰქონდათ – მასპინძლები მეორე, სტუმრები კი ბოლოდან მესამე პოზიციას იკავებდნენ, შესაბამისად, 12 და 5 ქულით.

მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, თბილისელთა უპირატესობით დაიწყო. კახა ჩხეტიანის შეგირდები საწყის წუთებში ბურთს მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან აკონტროლებდნენ და სახიფათოდაც აწვდიდნენ, ცოტა მოგვიანებით კი სტუმრებიც გააქტიურდნენ. „ჩიხურამ“ „დინამოს“ კართან რამდენიმე გააზრებული კომბინაცია გაათამაშა და მწვავედაც შეუტია – ბუხაიძის დარტყმული როინ კვასხვაძის კარს მცირედით ასცდა.

პირველ ნახევარში ყველაზე რეალური შანსი ვიტორ პერნამბუკოს მიეცა, რომელმაც ჩვეული მოქმედებით ბურთის მეტოქის კარში გაგზავნა გადაწყვიტა, თუმცა მას გიორგი ბეგაშვილმა აჯობა.

მეორე ნახევარში, კახა ჩხეტიანმა თამაშში გიორგი კუცია ჩართო, რითაც მისმა გუნდმა ბურთზე უპირატესობა კიდევ უფრო მოიპოვა, “ჩიხურა” კი კონტრშეტევებზე აქტიურობდა, თანაც საკმაოდ ეფექტურად.

თბილისელებმა მეტოქის მწყობრი დაცვის გარღვევა საბოლოოდ 68-ე წუთზე შეძლეს: ირაკლი ბუღრიძის შორეული დარტყმა გიორგი ბეგაშვილმა მოიგერია, თუმცა დასწრებაზე პირველმა ცვლილებაზე შემოსულმა გიორგი კუხიანიძემ ითამაშა და თავისი გუნდს 3 ქულა მოუპოვა – 1:0.

ამ გამარჯვების შემდეგ, “დინამომ” 15 ქულა მოაგროვა და ამ ეტაპისთვის, ლიდერ გორის “დილას” წამოეწია, რაც შეეხებათ იმერლებს, მათ ჯერჯერობით მეშვიდე ადგილი უკავიათ, მათ უშუალო კონკურენტ “ტორპედოს” კი ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. შემდეგ ტურში, “დინამო” “მერანს”, “ჩიხურა” კი ბათუმის “დინამოს” დაუპირისპირდება. 

დინამო“: კვასხვაძე – იაშვილი, ბენიო, ლოჩოშვილი, კობოური – პაპავა (კ), მექვაბიშვილი (კუცია, 46) – ქავთარაძე, პერნამბუკო (კუხიანიძე, 63), ბუღრიძე (აზაროვი, 85) – კაპანაძე. (4-2-3-1).

მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი.

ჩიხურა“: ბეგაშვილი, მაჩაიძე, კაშია (კ), ჯაფიაშვილი, ჯავაშვილი –  გვაზავა (ფოცხვერია, 85), ჩიკვაიძე – კიკაბიძე, წიქარიძე (ღავთაძე, 79), კახაბრიშვილი – ბუხაიძე (დეკანოიძე, 75). (4-2-3-1).

მთავარი მწვრთნელი: ვახტანგ თურმანიძე.

გოლი: 1:0 გიორგი კუხიანიძე (68).

მთავარი მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი.

მოქმედმა ჩემპიონმა ზედიზედ მეორე იმერულ გუნდს მოუგო და ლიდერს წამოეწია

სტატიის ავტორი
-