სპალეტი: ,,მოურინიოზე ლაპარაკი არ მსურს”

,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,რომასთან” მოგებული მატჩი შეაფასა:

,,მოურინიომ თქვა, რომ მოგებას არ ვიმსახურებდით? მის სიტყვებზე საუბარი არ მსურს, უბრალოდ, ჩემი ანალიზის გაკეთება მინდა. ეს ხაფანგებით სავსე თამაში იყო და მიუხედავად რამდენიმე შეცდომისა, ჩემმა გუნდმა ამას თავი კარგად გაართვა. 2-3 საგოლე მომენტი შევქმენით, რაც გამარჯვებაში დაგვეხმარა. ,,რომას” კონტრშეტევებზე თამაშის უფლება არ მივეცით, რაც მათ კარგად გამოსდით.

შესაძლოა, ოდნავ განსხვავებული სტილით მოვიგეთ, რომელსაც შეჩვეულები არ ვართ, მაგრამ ეს ჩემი გუნდის დამსახურებას კიდევ უფრო ზრდის. მე მყავს გუნდი, რომელიც კარგ ფეხბურთს თამაშობს. დღეს, ,,რომას” ,,დამსახურებით” ბურთი ჩვეულებრივზე მეტჯერ დავკარგეთ. ხაფანგი ყველგან იყო, ამიტომ ალტერნატიული გზების გაკვლევა დაგვჭირდა,” – განაცხადა სპალეტიმ.

იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში ,,რომამ” ,,ნაპოლის” უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა.

,,ნაპოლი” 11 ტურის შემდეგ 29 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა, ,,რომა” კი 22 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.

სპალეტი: ,,მოურინიოზე ლაპარაკი არ მსურს”

სტატიის ავტორი
-