ლევან კორღალიძე: “დინამოდან დამიკავშირდნენ, ინტერესი ნამდვილად არსებობს” 

“დინამო თბილისის” და კახა ჩხეტიანის გზები გაიყარა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა დაკავებული თანამდებობა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ალბანურ “ტირანასთან” მარცხის (0:2) შემდეგ დატოვა.

42 წლის სპეციალისტის შემცვლელად ქვეყნის ყველაზე ტიტულიან კლუბში რამდენიმე ვარიანტი განიხილება, ყველაზე აქტიურად კი გიორგი ნემსაძისა და ლევან კორღალიძის სახელი და გვარი ჟღერდება. Live.ge ამ უკანასკნელს დაუკავშირდა და თბილისურ კლუბში შესაძლო დანიშვნის შესახებ ჰკითხა.

დინამოდან” ნამდვილად დამიკავშირდნენ. ვერ დავმალავ, რომ ინტერესი არსებობს, მაგრამ კონკრეტულზე არაფერზე გვისაუბრია. როგორც ასეთი, ოფიციალური შემოთავაზება “დინამოს” მხრიდან არ მიმიღია, არ გვისაუბრია კონკრეტულ პირობებზე და დეტალები არ განგვიხილავს. ასე ვთქვათ, გაცნობითი სახის საუბარი გვქონდა. ეს თემა ჯერ კიდევ ჰაერშია.

“დინამო” იმ კლუბებს შორისაა, რომელშიც სიამოვნებით ვიმუშავებდი და თუ მათი მხრიდან რეალური შემოთავაზება იქნება, ნამდვილად განვიხილავ. თუმცა მიუხედავად ამისა, მე ჩემი პრინციპები და ამბიციები მაქვს და თანხმობას მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში განვაცხადებ”, – თქვა 40 წლის სპეციალისტმა.

ვეტერანი ფეხბურთელისთვის, რომელსაც კარიერის განმავლობაში სკონტოს“, “დაჩიას”, “ზიმბრუს“, საქართველოში კი “ტორპედოს” “ზესტაფონის”, “მეტალურგისა” და “დილას” შემადგენლობაში უთამაშია, პირველი სამწვრთნელო გამოცდილება თბილისის “ლოკომოტივი” იყო, სადაც ჯერ ასისტენტად, შემდეგ კი, 2019 წლის აპრილიდან მოყოლებული, მთავარ მწვრთნელად მუშაობდა და გუნდი ქვეყნის თასის ფინალში და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიყვანა.

ფოტო: ს.კ ლოკომოტივი

ლევან კორღალიძე: “დინამოდან დამიკავშირდნენ, ინტერესი ნამდვილად არსებობს” 

სტატიის ავტორი
-