არბიტრი ლიგა 1-დან: შვედეთი – საქართველოს მატჩზე მსაჯის ვინაობა ცნობილია

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები შვედეთს დაუპირისპირდება.

სტოქჰოლმში გასამართ შეხვედრას 37 წლის ფრანგი მსაჯი ბენუა ბასტიენი მოემსახურება.

ლიგა 1-ის რეფერის საქართველოს ნაკრებთან და ქართულ ფეხბურთთან გადაკვეთა აქამდე არ ჰქონია, თუმცა შვედეთთან შეხება წარსულშიც მოუწია. მან 2018 წელს, შვედეთის ეროვნული გუნდის მიერ, უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში ჩატარებულ მატჩს უხელმძღვანელა, რომელშიც სლკანდინავიელებმა სლოვაკეთი – 2:0 დაამარცხეს და იმ გათამაშებიდან A ლიგაში დაწინაურდნენ. კიდევ ერთხელ, ბასტიენი შვედებს 2015/16 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაეყარა, როცა “მალმიომ” ვილნიუსის “ჟალგირისს” სტუმრად – 1:0 აჯობა და მესამე ეტაპზე გავიდა.

მიმდინარე სეზონში, ბასტიენმა საერთო ჯამში, 25 შეხვედრაზე იმუშავა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ორ მატჩზე და სულ 101 ყვითელი და 9 წითელი ბარათი გამოიყენა და 11 პენალტი დანიშნა.

ბასტიენს ფეხბურთელების გაფრთხილება უყვარს. მან ამ სეზონში 25-დან მხოლოდ ერთ ისეთ მატჩზე იმუშავა, რომელშიც მინიმუმ 3 ბარათი არ გამოიყენა.

არბიტრი ლიგა 1-დან: შვედეთი – საქართველოს მატჩზე მსაჯის ვინაობა ცნობილია

სტატიის ავტორი
-